‘საუბრები იმაზე, თითქოს ვიღაცეებთან შეკრულები ვართ, ღიმილის მომგვრელია”

საუბრები მტკიცებულებების გარეშე იმაზე, რომ თითქოს ვიღაცეებთან შეკრულები ვართ, მინისტრი რაღაც ალიანსში იმყოფება, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია,- ამის შესახებ ტელეკომპანია იმედზე, გადაცემა „პირისპირ”-ში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ -ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზეც.
“აქ საუბარია იმ მინისტრზე და იმ სამინისტროზე, რომელმაც სამინისტროში მოსვლის დღიდან ფაქტიურად შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ქურდულ სამყაროს და ზოგადად, კრიმინალურ მენტალიტეტს. ჩვენ ასამდე პირი გვყავს მხოლოდ 2018 წლის განმავლობაში ქურდული სამყაროს წევრობისთვის და კანონიერი ქურდობისთვის დაკავებული. ჩვენი ეს ბრძოლა, ამ დანაშაულის წინააღმდეგ უკვე გაცდა ქვეყნის ფარგლებს და ჩვენ არაერთ სახელმწიფოსთან, მათ შორის ევროპელ სახელმწიფოებთან, საკმაოდ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს და წარმატებული ოპერაციების ფარგლებში არაერთი პირი გვყავს დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული. უფრო მეტიც, მინისტრმაც ისაუბრა ამაზე და მეც გავიმეორებ, ჩვენ უკვე დავაინიცირეთ მთავრობაში პროექტი და გახსოვთ ალბათ, ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი, რომელმაც ფაქტიურად არ დატოვა დაუსჯელი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით. ყველა ქმედება, რომელიც ქურდულ სამყაროსთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, სადაც რაიმე საკანონმდებლო ვაკუუმი არსებობდა, ყველა ამოვავსეთ და არამარტო ამოვავსეთ საკანონმდებლო დონეზე, არამედ რეალურად, პრატიკაში განვახორციელეთ. მაგალითად, არ ისჯებოდა კანონიერი ქურდისთვის დავის გადასაწყვეტად მიმართვა. ეს გავხადეთ დასჯადი და ამითი დღეს არაერთი პირი გვყავს დაკავებული, პასუხისგებაში მიცემული და პატიმარი, რაც ყველაზე მთავრი და მნიშვნელოვანია. ასევე, დავაინიცირეთ უკვე მთავრობაზე და ფაქტიურად ქუჩური გარჩევების კრიმინალიზაციას ვახდენთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ „ქუჩური„ მენტალიტეტი ერთხელ და სამუდამო აღმოიფხვრას საქართველოში.
ამიტომ, აი ამ ფონზე საუბრები, მითუმეტეს საუბრები მტკიცებულებების გარეშე იმაზე, რომ თითქოს ვიღაცეებთან შეკრულები ვართ, მინისტრი რაღაც ალიანსში იმყოფება, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. დარწმუნებული ვარ, რომ ამისი არ სჯერა არავის და ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია,-განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები