ვახტანგ კაპანაძე ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრას ესწრება

   საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. 21-22 მაისს ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსების 171-ე შეხვედრა იმართება. ორდღიანი შეხვედრების სერიას ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობს. ღონისძიების ფარგლებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ალიანსის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებს განიხილავენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ISAF-ის ოპერაციაში ქართული კონტინგენტის ჩართულობას და 2014 წლის შემდეგ მისიაში “გადამწყვეტი მხარდაჭერა” (Resolute Support Mission) საქართველოს მონაწილეობას. განხილვის მთავარ თემას, ასევე, წარმოადგენდა ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები და სწავლებები.
დღეს, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ნატოს არაწევრი ქვეყნების გაერთიანებული შტაბების უფროსების შეხვედრას დაესწრო, სადაც ოპერაციის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხლეს.
ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან. გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები ბელგიელ, სლოვაკ და უკრაინელ კოლეგებთან განიხილა.
ხვალ, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტი+საქართველო (Military Committee+Georgia) ფორმატში, სადაც სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მოკავშირეთა ევროპული ძალების მთავარსარდალთან გენერალ ფილიპ ბრიდლოვთან, ასევე, ნიდერლანდების სამეფოს და პოლონეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსებთან.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=F374cwaVKe8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები