საქართველოში სერიული მკვლელი ჩამოიყვანეს – ვინ არის “ბეტონა”?

სერიული მკვლელი, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას საბერძნეთში ემალებოდა, გასულ კვირას ათენი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოიყვანეს. გიორგი ყუფარაძის ექსტრადირების გადაწყვეტილება ბერძნულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც მისი განცხადება თავშესაფრის მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2016 წელს საბერძნეთში დაკავებული ყუფარაძე საბერძნეთის სასამართლოს საკუთარ უდანაშაულობაში არწმუნებდა, თუმცა საქართველოს პროკურატურამ საბერძნეთის სასამართლოში მთელი რიგი მტკიცებულებები წარადგინა, რომელიც ყუფარაძის დანაშაულზე მიუთითებდა. სულ ცოტა ხნის წინ კი სასამართლომ ეს მტკიცებულებები გაიზიარა და ყუფარაძის ექსტრადირების გადაწყვეტილება გამოიტანა, საბერძნეთის იუსტიციის მინისტრმა არ გაიზიარა ბრალდებულის მოთხოვნა თავშესაფრის მინიჭების შესახებ, სადაც ყუფარაძე მიუთითებდა, რომ საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

გიორგი ყუფარაძის კრიმინალურ ქრონიკებზე ოდნავ ქვემოთ მოგიყვებით, მანამდე კი ვნახოთ, რას ამბობენ მის ექსტრადიციაზე მთავარ პროკურატურაში.  ირკვევა, რომ ყუფარაძის მიმართ ძებნის გამოცხადების თხოვნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ჯერ კიდევ 2016 წლის 21 აპრილს მიმართა. პარალელურად, უწყებამ, ბერძნულ მხარეს ძებნილი პირის დაკავება სთხოვა.

„2016 წლის 3 ივნისს ათენის ინტერპოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ყუფარაძე საექსტრადიციო პატიმრობაში აიყვანეს, რის საფუძველზეც, ქართულმა მხარემ  2016 წლის 14 ივნისს მისი ექსტრადიცია მოითხოვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, მისი საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. ის ამჟამად შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული“, – განმარტავენ მთავარ პროკურატურაში.

აღმოჩნდა, რომ ბერძენმა სამართალდამცველებმა გიორგი ყუფარაძე საქართველოსა და საბერძნეთის სამართალდამცველების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დააკავეს, მას შემდეგ, რაც  2016 წლის 5 აპრილს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესთვის მისი ადგილსამყოფელი გახდა ცნობილი. შედეგად გიორგი ყუფარაძე ქალაქ ალექსანდრუპოლისში ვინმე პოჰლოდკოვ მიროსლავის გაყალბებული პასპორტით აიყვანეს.

50 წლის გიორგი ყუფარაძეს კრიმინალურ წრეებში „ბეტონას“ მეტსახელით იცნობენ. და თუ რატომ, ამაზე ახლა უფრო ვრცლად გიამბობთ.

გიორგი ყუფარაძეს საქართველოს პროკურატურამ ბოლო ბრალდება დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობისთვის დაუსწრებლად წარუდგინა. მკვლელობა 2014 წელს მოხდა, თუმცა საქმე გახსნილად 2016 წელს გამოცხადდა. ეს მაშინ, როცა 571 აბი სუბოტექსით ხელში დანაშაულის თანამონაწილე ვასილ გოშაძე დააკავეს. მას ნარკორეალიზაციის ბრალდებით უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა სამუდამო სასჯელს გამოძიებასთან თანამშრომლობა არჩია და სამართალდამცველებს გურამ კვეზერელის ცხედრის ადგილმდებარეობა და მკვლელობის მთავარი ფიგურანტი – გიორგი ყუფარაძე დაუსახელა. ამის შედეგად გოშაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და უვადო პატიმრობის ნაცვლად, მხოლოდ 14-წლიანი სასჯელი აკმარეს. მის მიერ მხილებული ყუფარაძე კი იმ დროისთვის საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე „ბეტონა“ 2016 წლის აპრილში საბერძნეთში დააპატიმრეს და ორწლიანი საექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ გასულ კვირას საქართველოში ჩამოიყვანეს.

„2014 წლის 17 დეკემბერს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნაპოვნი იქნა 1965 წელს დაბადებული ნატო კვეზერელის ცხედარი, ხოლო მისი შვილი – 1986 წელს დაბადებული გურამ კვეზერელი გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს, რომ ორმა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის მკვლელობა დაგეგმა. ამ მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი კასრში მოათავსეს, სპეციალური მჟავა დაასხეს და აგარაკის ეზოში ჩამარხეს.

იმავე დღეს აღნიშნული პირები, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის, ნატო კვეზერელის სახლში. ნატო კვეზერელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავეებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი და პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – განმარტეს შსს-ში.

სწორედ ამ დანაშაულის გახსნაში დაეხმარა გამოძიებას ვასილ გოშაძე და აღიარა, რომ დედა-შვილი კვეზერელები მან და მისმა ბავშვობის მეგობარმა, გიორგი ყუფარაძემ დახოცეს.

კვეზერელების საქმემ ზედაპირზე ამოატივტივა წარსულში ჩადენილი სხვა მძიმე დანაშაულებიც, სადაც ასევე ვასილ გოშაძისა და გიორგი ყუფარაძის სახელი ფიგურირებს. არ არის გამორიცხული, მალე გამოძიებამ მკვლელობათა საერთო ჯაჭვი შეკრას და არაერთი საქმე გადახედვას დაექვემდებაროს. მანამდე კი გაგაცნობთ მნიშვნელოვან დეტალებს გოშაძე-ყუფარაძის კრიმინალური დოსიედან:

ვასილ გოშაძე

ვასილ გოშაძე დაიბადა 1979 წლის 23 თებერვალს. 2002 წლამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გახლდათ. 4-წლიანი პაუზის შემდეგ, 2006 წელს გოშაძე კვლავ ძალოვან უწყებას დაუბრუნდა და ამჯერად, მუშაობა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, 2007 წლის ივნისში ის, სხვა რამდენიმე მოხელესთან ერთად, ომბუდსმენის ანგარიშის საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმე ის გახლდათ, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ჰაუპტვახტებში შემოწმების მიზნით არ შეუშვეს. სკანდალის თავიდან ასაცილებლად კეზერაშვილის უწყება იძულებული გახდა, სამხედრო პოლიციის დაბალი რანგის მოხელეები სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. მეტიც, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, მერაბ გელოვანის 2007 წლის 11 ივნისით დათარიღებულ წერილში ნათქვამია, რომ „ოპერატიულ თათბირზე ყველა დანაყოფის ხელმძღვანელს მიეცა მითითება, რომ მომავალში ხელი შეუწყონ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და მონიტორინგის განხორციელების დროს დახმარება აღმოუჩინონ“.

განთავისუფლებიდან დაახლოებით ერთ თვეში, კერძოდ, 2007 წლის 9 ივლისს ვასილ გოშაძე, თანამზრახველებთან ერთად, თავს ესხმის „საქართველოს ბანკის“ გლდანის ფილიალს. მაშინ თავდამსხმელებმა ბანკის ერთი ინკასატორი, ზურაბ მალანია მოკლეს და დაახლოებით ნახევარი მილიონი ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები წაიღეს. სამართალდამცველებმა საქმე გახსნილად 26 ივლისს გამოაცხადეს. გოშაძესთან ერთად, ამავე დანაშაულისთვის დააპატიმრეს გელა გოგიჩაიშვილი. ეს პიროვნებაც წარსულში ძალოვან უწყებებში მუშაობდა. მან 1996 წელს შსს-ს ჩინოსანი კორნელი ჩალაძე საკუთარ კაბინეტში მოკლა. 1996 წლის 18 დეკემბრის განაჩენით გოგიჩაიშვილს სიკვდილით დასჯა შეუფარდეს, თუმცა 1997 წლის 25 ივნისს ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, სხვა პატიმრებთან ერთად, სასჯელის უმაღლესი ზომა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა.

ვასილ გოშაძის სახელმა გაიჟღერა 2003 წელს მოკლული ზურაბ ზუბადალაშვილის საქმეშიც. 2009 წლის 25 მაისს ამ დანაშაულის დაფარვისთვის გოშაძეს 2 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა, რომლის მოხდისგანაც ის განთავისუფლდა საქართველოს მთავარ პროკურორთან დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე. საქმე ის გახლავთ, რომ მან, ისევე როგორც გიორგი ყუფარაძემ, მკვლელობის შემსრულებლად თეიმურაზ შარაშენიძე დაასახელა. საპროცესო გარიგებით შემცირებული სასჯელი 2013 წელს ამნისტიის საფუძველზე საერთოდ მოეხსნა და მძიმე დანაშაულში ბრალდებული ვასილ გოშაძე თავისუფლებაზე აღმოჩნდა. მისი კრიმინალური თავგადასავალი კი ამით არ დასრულებულა.

ციხიდან განთავისუფლებიდან ერთ წელში ის გიორგი ყუფარაძესთან ერთად 12 ათასი დოლარის გამო დედა-შვილ კვეზერელებს ხოცავს. 2015 წლის ბოლოს კი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვასილ გოშაძე დიდი ოდენობით სუბოტექსით დაიჭირეს. სამუდამო პატიმრობას მან ამჯერადაც თანამშრომლობა არჩია, გამოძიებას კვეზერელების საქმის გახსნაში დაეხმარა და თავისი მეგობარიც უყოყმანოდ „ჩაუშვა“. შედეგად 14-წლიანი სასჯელი მიიღო.

გიორგი ყუფარაძე („ბეტონა“)

გიორგი ყუფარაძე 1969 წლის 3 თებერვალს დაიბადა. აღსანიშნავია, რომ მისი და ვასილ გოშაძის საცხოვრებელი სახლის მისამართი ერთმანეთს ემთხვევა – ორივე გლდანის პირველ მიკრორაიონში, ერთსა და იმავე ბინაშია რეგისტრირებული.

ყუფარაძის კრიმინალური დოსიედან განსაკუთრებით აღსანიშნავია 2004 წლის გაზაფხულზე თბილისში, სალიების ქუჩაზე აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობა. საქართველოში მანქანის შესაძენად ჩამოსული აზერბაიჯანელი ძმები – ილხამ და რასიმ გასანოვები მოტყუებით მიიყვანეს სალიების ქუჩაზე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც გიორგი ყუფარაძემ ძმები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა. ამის შემდეგ დაეუფლა გარდაცვლილების ჯიბეებში არსებულ 100 აშშ დოლარს, 30 ლარს, „ნოკიას“ ფირმის ორ მობილურ ტელეფონს და რამდენიმე ათას აზერბაიჯანულ მანათს. თავდამსხმელებმა ნადავლი ერთმანეთში გაინაწილეს, გვამები კი გააშიშვლეს და რამდენიმე დღის შემდეგ იმავე სახლის ეზოში დააბეტონეს. ეს ხდება 2004 წლის გაზაფხულზე, თუმცა მანამდე ერთი წლით ადრე ყუფარაძის ანგარიშზე ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეც ჩაეწერა, რომელიც გახსნილად მხოლოდ 2009 წელს გამოაცხადეს. 2009 წლის 25 მაისის განაჩენით გიორგი ყუფარაძეს ზურაბ ზუბადალაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სასჯელის ზომად 18 წელი განესაზღვრა, თუმცა ამ სასჯელისგან ისიც მთავარ პროკურორთან დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე განთავისუფლდა. 2009 წელსვე მას საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე „ძმები გასანოვების საქმეზე“ დანიშნული სასჯელიც შეუმსუბუქდა და საბოლოოდ მოსახდელ სასჯელად 10 წელი განესაზღვრა. 2013 წელს კი ეს სასჯელიც ამნისტიის საფუძველზე მოეხსნა და ვასილ გოშაძესთან ერთად გიორგი ყუფარაძეც თავისუფლებაზე აღმოჩნდა.

2014 წელს ყუფარაძე-გოშაძის წყვილმა დედა-შვილი კვეზერელები დახოცეს, რის შემდეგაც ყუფარაძემ ქვეყანა დატოვა.

გოშაძე და ყუფარაძე ბოლოს სასჯელაღსრულების რუსთავის #6 დაწესებულებიდან განთავისუფლდნენ, თუმცა მანამდე ისინი სასჯელს ავჭალის დაწესებულებაში, ე.წ. ძალოვნების ციხეში იხდიდნენ. გოშაძესთან მიმართებაში ეს გასაგებია, რადგან წარსულში ძალოვან უწყებებში მსახურობდა, თუმცა საინტერესოა, რატომ იხდიდა სასჯელს „ძალოვნების ციხეში“ გიორგი ყუფარაძე, რომელიც არც ერთ ძალოვან უწყებაში ოფიციალურად არ ფიქსირდება? ერთ-ერთი ვერსიით, თავის დროზე ის არაოფიციალურად თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოებთან, ამიტომაც ოფიციალურ დოკუმენტებში არსად ფიქსირდება.

რატომ გადაიყვანეს გოშაძე და ყუფარაძე ავჭალიდან რუსთავის #6 დაწესებულებაში? ამ კითხვაზე საკუთარი ახსნა აქვს უვადო პატიმრობაში მყოფ თეიმურაზ შარაშენიძეს, რომელსაც სწორედ გოშაძე-ყუფარაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს ბრალი ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობისთვის. შარაშენიძე ამბობს, რომ მაშინდელი მთავარი პროკურორის დაკვეთით გოშაძესა და ყუფარაძეს მისი მეგობრის, რუსთავის #6 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, ალექსანდრე ჭუმბურიძის წამება დაევალათ, რათა მას ჩვენება სწორედ შარაშენიძის წინააღმდეგ მიეცა. ამბობს, რომ მისი დაპატიმრებით უშუალოდ იყო დაინტერესებული პროკურორი მამუკა გვარამია, რომელიც შარაშენიძის ბიზნესკონკურენტის ახლობელი აღმოჩნდა.

წყარო: „გაზეთი „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები