თეა წულუკიანი ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საშინაო საქმეების საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.
სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა სესილია მალმსტრომს საქართველოში ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ვიზალიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებსა და ძირითად შედეგებს − პირადობისა და სამგზავრო უსაფრთხო დოკუმენტების დანერგვას, მიგრაციის ახალი პოლიტიკის შემუშავებას, საზღვრის მართვის ეფექტიან პოლიტიკას, ახალ კანონპროექტებს საქართველოს მოქალაქეობის, აგრეთვე, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, მხარეებმა ისაუბრეს იმ ცვლილებებზე, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ანტიკორუფციული და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ხორციელდება. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებების დაცვას − იგეგმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლის გაძლიერება სამართალდამცავ ორგანოთა საქმიანობაზე ზედამხედველობის კუთხით. ევროკომისარ სესილია მალმსტრომის განცხადებით, უკანასკნელ ხანს საქართველოს მიერ გატარებული რეგორმები ნამდვილად შთამბეჭდავია და მათ შედეგს ქართველი ხალხი სულ მალე იხილავს. ევროკომისარმა მოლდოვის მაგალითი მოიშველია, რომლის მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, ევროპასთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საქართველოს უსაფრთხოებისა და გამთლიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რეფორმები კი, რომელთაც ქვეყნის ხელისუფლება ატარებს, წარმატებული ნაბიჯია ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის, სახელმწიფოს გაძლიერებისა და ევროკავშირში გაწევრების გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები