თავდაცვის აკადემიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამდღიანი სემინარი იმართება

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამდღიანი სემინარი იმართება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის თემაა უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობა, ასევე, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირება.
სემინარი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ გახსნა. გამოსვლისას მან თავდაცვის უწყებაში გენდერულ თანასწორობაზე გაამახვილა ყურადღება. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ.
გენდერსა და უსაფრთხოების სექტორს შორის კავშირზე ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. სემინარს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო და სამოქალაქო პირები დაესწრნენ. სამი დღის განმავლობაში ისინი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას N 1325 „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ შეისწავლიან და უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან.
კურსის დამთავრების შემდეგ, მონაწილეები თავდაცვის უწყებაში გენდერის საკითხებს გაუწევენ კოორდინაციას. ტრენინგი ეროვნული თავდაცვის აკადემიის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები