უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს საშტატო იარაღის ტარების უფლება მიეცა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და საბჭოს აპარატის წარმომადგენლებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება მიეცათ. შესაბამისი ცვლილებები “იარაღის შესახებ” კანონში განხორციელდა. უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ეძლევათ: თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი მოხელეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოხელეები, იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი მოხელეები, ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირები, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი მოხელეები, დაზვერვის სამსახურის უფლებამოსილი მოხელეები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილი მოხელეები, პროკურატურის უფლებამოსილი მოხელეები, მოსამართლეები, სასამართლოს მანდატურები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები, ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორები და მოლარეები (სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას), “საქართველოს ფოსტის” უფლებამოსილი პირები (სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ფულადი და სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანა-გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას), სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლები (სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრები, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და წევრები, საჯარო თანამდებობის პირები, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები.
“იარაღის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებებით, ჩამონათვალს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და საბჭოს აპარატის უფლებამოსილი მოხელეები დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები