საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე უკრაინაში გახსნილი უბნების მონაცემები ცნობილია
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე უკრაინაში გახსნილი უბნების მონაცემები ცნობილია. მონაცემების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. კერძოდ, კიევში გახსნილ საარჩევნო უბანზე ვაშაძემ 260 ხმა, სალომე ზურაბიშვილმა – 88, დონეცკის უბანზე – გრიგოლ ვაშაძემ 15 ხმა მიიღო, ზურაბიშვილმა – 10.
რაც შეეხება ოდესის 46-ე საარჩევნო უბანს, იქ 118 ამომრჩეველი გამოცხადდა, საიდანაც 53-მა გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, 53-მა – სალომე ზურაბიშვილს.
აღნიშნულ უბანზე 1 ბიულეტენი გაბათილდა, 11 – სადავო გახდა და განსახილველად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნა.
ცესკო-ში შესული 3568 საარჩევნო უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანიდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.6% მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 117 103 ხმაა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 757 135 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 40.4 %-ია.