მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის განცხადება არაადეკვატურია, მას არ გააჩნია დესტაბილიზაციის შემოტანის რესურსი

დესტაბილიზაციის შემოტანის რესურსი მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ მხარდაჭერა არ ნიშნავს, მის გიჟურ გეგმებზე აყოლას, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, როდესაც ის საზოგადოებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და შედეგების არალეგიტიმურად აღიარებისკენ მოუწოდებს.
მდინარაძის განცხადებით, სააკაშვილს უჭირს მარცხთან შეგუება და ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ არაადეკვატურია.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება არ არის ადეკვატური. გასაგებია, რომ უჭირს მარცხთან შეგუება, მაგრამ თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ ეს მარცხი იყო გარდაუვალი. საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, საქართველო ადგას განვითარების გზას და არის ორიენტირებული მომავალზე. საზოგადოებამაც გამოიტანა ასეთი გადაწყვეტილება. საზოგადოებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ხალხის ნებას წინ ვერასდროს ვერაფერი დაუდგება, ვერც, მათ შორის, სააკაშვილის ის გამონათქვამები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმას ადასტურებს, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით მთელი წინა პერიოდის განმავლობაში.
ბოლო დროს, როდესაც უკვე მიხვდა, რომ იყო დამარცხებული, მისი მიზანი არ იყო არჩევნებში გამარჯვება, მისი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ არეულობა, ქაოსის შემოტანა ამ ქვეყანაში, რასაც საქართველო აღარასდროს დაუშვებს.
დესტაბილიზაციის შემოტანის რესურსი მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ მხარდაჭერა არ ნიშნავს მის გიჟურ გეგმებზე აყოლას. მხარდაჭერა ნიშნავს დაფიქსირებას საკუთარი აზრის. ჩვენ პატივს ვცემთ, ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, მათ შორის ამ აზრის გამოხატვას და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩაებმებიან იმ რაღაცა ქაოსის სქემაში, რაც მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერს აქვს. აქედან გამომდინარე, ხმების მიღების რესურსი შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, მაგრამ იგივე რესურსი ბუნებრივად მათ არ გააჩნიათ არეულობის მოწყობის.
ადამიანები, რომლებმაც განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ პროვოკაციას აჰყვებიან და წამოეგებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, საპროტესტო აქციებით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისა და ამ ე.წ. არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისკენ. მისივე თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები