გიგა ბოკერია: ხმის მიცემის ფარულობის მასობრივმა დარღვევამ და შავი ფულის ბრუნვამ, უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას
„ხმის მიცემის ფარულობის მასობრივმა დარღვევამ, შავი ფულის მასობრივმა ბრუნვამ, დაშინებამ, ძალადობამ, დაუსჯელობამ და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას“, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო წევრმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგები.
ამასთან, გიგა ბოკერიამ საარჩევნო უბნებზე მათ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ბოლომდე დაიცვან ხმები და ბოლომდე მიიყვანონ საარჩევნო პროცესი.
„მე მინდა მოვუწოდო ჩვენი პარტიის ყველა წარმომადგენელს და ყველა იმ პატიოსან ხალხს, ვინც ახლა საარჩევნო უბნებზეა, ბოლომდე უნდა ვიმუშაოთ, რა პირობებიც არ უნდა იყოს და მაქსიმალურად დავიცვათ დემოკრატიის ის სტანდარტები, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ხელისუფლების უმძიმესი პოლიტიკის ფონზე. ხმის მიცემის ფარულობის მასობრივმა დარღვევამ, შავი ფულის მასობრივმა ბრუნვამ, დაშინებამ, ძალადობამ, დაუსჯელობამ და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს დგას ქართული საზოგადოების მომავლის წინაშე,” – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.