ნიკა მელია: გაერთიანებული ოპოზიცია ყველაფერს ერთობლივად გადაწყვეტს, მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთია
“უნდა მოვითათბიროთ და განცხადება ამის შემდეგ გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ერთ აზრზე ჩამოვყალიბდებით და აქ ორი და სამი პოზიცია არ იქნება”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნიკა მელიამ პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე პასუხისას ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ხვალიდან ქუჩაში გადიან და დაუმორჩილებლობის პროცესს იწყებენ.
მისივე თქმით, ისინი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.
„ამ კითხვაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს. ყველაფერს გაერთიანებული ოპოზიცია გადაწყვეტს ერთობლივად, კონსესუსის საფუძველზე. მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთია. ჩვენ გაერთიანებულ ოპოზიციაზე უბრალოდ კი არ ვსაუბრობდით, რომ ეს გაერთიანებული ოპოზიციაა. გაერთიანებული ოპოზიცია მოვითათბირებთ, გაერთიანებულ ოპოზიციაში ძალიან ბევრი სუბიექტია გაერთიანებული. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ, რაც უნდა ცალკე აღებული ერთი პარტია დიდი მხარდაჭერით სარგებლობდეს – რეიტინგს ვგულისხმობ, სხვა პარტიაზე, ეს არავის გვაძლევს იმის შესაძლებლობას და უფლებას, რომ განცხადება შეუთანხმებლად გავაკეთოთ. უნდა მოვითათბიროთ და განცხადება ამის შემდეგ გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ერთ აზრზე ჩამოვყალიბდებით და აქ ორი და სამი პოზიცია არ იქნება. ყველამ ერთად დავინახეთ, რა ხდებოდა და ხელისუფლება როგორ იქცეოდა. ეს კრიმინალური ხელისუფლებაა. თქვენ, „ქართული ოცნების“ გამარჯვება უფრო დაგაზარალებთ, ვიდრე დამარცხება.
ფაქტია, რომ ოპოზიცია ბრძოლას ყველა შემთხვევაში გააგრძელებს, ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობით. არასოდეს არ გავსულვართ კონსტიტუციური ფარგლებიდან, რას არ გვაბრალებდნენ, კონსტიტუციის ფარგლებს გასცდნენ და ასე შემდეგ და არც ახლა არ გავცდებით. მაგრამ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. მაგრამ კრიმინალური ხელისუფლებისთვის ეს დათმობას და თავის დახრას არ ნიშნავს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.