სალომე ზურაბიშვილი: დღეს ჩემს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი
დღეს ჩემს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი. ამ არჩევანს აქვს საქართველოსთვის, დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
„მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ახლა გვისმენს. მინდა, ყველას ვუთხრა პირველ რიგში დიდი მადლობა. ყველას ვუთხრა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩემს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი. ამ არჩევანს აქვს საქართველოსთვის, დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველას მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და გათავისუფლებას. ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანაა, ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც ჩემი, ჩვენი თანამოაზრე არ არის, მაგრამ ჩვენ, ყველანი ერთი ქვეყნის მოქალაქენი ვართ, ერთი პატარა ქვეყნის, ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ და უნდა გავამთლიანოთ, უნდა დავაწყნაროთ, დავამშვიდოთ. ამიტომ მერ გპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებ რასაც შევძლებ, რომ ამას მივაღწიო, რომ ჩვენ გავერთიანდეთ”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
ტელეკომპანია „იმედმა“ ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული კვლევების მიხედვით, Gallup-ის ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 42% აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 58%.
აღნიშნული შედეგები 18:00 საათის შედეგად დათვლილია მონაცემებია.
ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მაც გამოაქვეყნა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 45 % აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 55 %. აღნიშნული მონაცემები 17:00 საათის მონაცემებია. კვლევა „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.