მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, საპროტესტო აქციებით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოითხოვონ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ საპროტესტო აქციებით მოითხოვონ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ამ ე.წ. არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება. მისივე თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება სჭირდება.
„ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროს ამ არჩევნების შედეგები. დემოკრატიულ პროცესთან არანაირ კავშირში არ არის იმიტომ, რომ დგება მომენტები ყველა ერის ისტორიაში, როდესაც იმ პირობებში, როცა კრიმინალი მთლიანად შეერწყა ხელისუფლებას, როდესაც მთავარი მძარცველი მოაჯდა თავზე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, აკონტროლებს უკლებლივ ყველა პროცესს, დგება მომენტი, როცა საზოგადოებამ უნდა აიღოს კანონის დაცვა, კონსტიტუციის და თავისი თავისუფლების საკუთარ ხელში.
​დავიწყოთ მოთხოვნა ღია საპროტესტო აქციებით, მშვიდობიანით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების და ამ ე.წ. არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების. ჩვენ გვჭირდება საქართველოში ახალი ხელისუფლება, ჩვენ გვჭირდება საქართველოში ხალხმა აიღოს ხელში ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გადარჩენა არ უწერია. მე ვარ რიგითი რიგითთა შორის, თანასწორი თანასწორთა შორის, მე არ ვიბრძვი ხელისუფლებისთვის და ეს არაერთხელ მითქვამს და ამას ახლაც ვიძახი – მე არ მინდა თანამდებობა, საქართველოში არცერთი პოსტი ისე, როგორც არ მიბრძოლია არასდროს არც სიმდიდრისთვის, არც ფუფუნებისთვის, და არასდროს არ ყოფილა ჩემთვის თანამდებობა თვითმიზანი, მაგრამ საქართველო არის ჩემი ხატება, ისევე როგორც ყველა ქართველის პატრიოტის ხატება და ჩვენ საქართველოს ამ ფაროსანას არ მოვასპობინებთ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
​შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 42% აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 58%. ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 45 % აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 55 %.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები