“საქართველომ გააკეთა პრინციპული არჩევანი, არჩევანი ძალადობის, ბოროტების, სიცრუის, ცილისწამების წინააღმდეგ”
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგებს ეხმაურება. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა გააკეთა პრინციპული არჩევანი ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ.
მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ხელისუფლებისთვის გაზრდილ პასუხისმგებლობას ნიშნავს, რომელსაც მმართველ პარტიაში სრულად იაზრებენ.
“საქართველომ გააკეთა პრინციპული არჩევანი, არჩევანი ძალადობის, ბოროტების, სიცრუის, ცილისწამების წინააღმდეგ. წარსულზე უარის თქმა იყო ეს არჩევანი, არამხოლოდ “ქართულ ოცნებას” დაუჭირა მხარი, დაუჭირა მის მხარდაჭერილ კანდიდატს, და რაც მთავარია მხარი დაუჭირა განვითარებას. “ქართული ოცნებისთვის” ეს არის კიდევ უფრო გაზრდილი პასუხისმგებლობა, რომ განვითარების ტემპები იყოს გაცილებით მაღალი, ჩვენ პირველ ტურშიც ამაზე ვისაუბრეთ და ახლაც ამას ვამბობთ. ჩვენთვის ეს არის გამოწვევა, ეს არის უფრო მაღალი პასუხისმგებლობის დაკისრება, რომ განვითარების ტემპები იყოს გაცილებით მაღალი, დინამიკა განვითარების იყოს უფრო გაძლიერებული და საქართველო, რაც შეძლება მალე, მოხვდეს ევროპულ ოჯახში, საქართველოში, რაც შეიძლება მალე, იყოს ნაკლები გაჭირვებული ადამიანი. ამ პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის. პირიქით, ჩვენ ამ განვითარებას ვგრძნობთ და და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.