მიხეილ სააკაშვილი: მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, არ აღიაროთ არჩევნების შედეგები

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნები არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.
მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასაც გამოეხმაურა:
„ამ წუთებში ვიხილეთ ქართველი ხალხის მტერი, ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც იმდენი პატივიც კი არ სცა ქართველ ხალხს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი გამოეყვანა წინ, თვითონ გამოვიდა და თვითონ ჩაატარა, თვითონ ილაპარაკა ეს სისულელეები. ხალხო ამ წუთში, ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე დაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია და არჩევნების ინსტიტუტი. ეს ბოლო პერიოდი რაც ტარდებოდა, ეს არ იყო არჩევნები და არც დემოკრატიული პროცესი. ამას არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან. ეს იყო ქურდული სამყაროს ძველი ბიჭების, აფერისტების, გარეწრების და შავი სამყაროს წარმომადგენლების, რომლებიც მუდმივად ძარცვავდნენ საქართველოს და შერწყმულები არიან ამ ოლიგაქრთან. ეს იყო ძალადობა და არის ძალადობა, ეს არის მოსყიდვა.
ეს არის ფულის ღიად დარიგება საარჩევნო უბნებზე. ეს არის დაჭრა და ცემა აქტივისტების. რაც მოხდა ახალქალაქში. დღეს იყო სროლები საარჩევნო პროცესის დროს, ეს არ არის დემოკრატია, რაც არ არის ხალხის ნების გამოხატულება და ეს არ არის ლეგიტიმური არჩევნები. მე არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს და დღევანდელი დღიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის საქართველოს ლეგიტიმური მმართველი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, ექსპრეზიდენტმა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართა, რომ არჩევნების შედეგები არ აღიარონ.
„მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას არ აღიაროთ არჩევნების შედეგები. დემოკრატიულ პროცესთან არანაირ კავშირში არ არის იმიტომ, რომ დგება მომენტები ყველა ერის ისტორიაში, როდესაც იმ პირობებში, როცა კრიმინალი მთლიანად შეერწყა ხელისუფლებას, როდესაც მთავარი მძარცველი მოაჯდა თავზე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, აკონტროლებს უკლებლივ ყველა პროცესს. დგება მომენტი, როცა საზოგადოებამ უნდა აიღოს კანონის დაცვა, კონსტიტუციის და თავისი თავისუფლების საკუთარ ხელში,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები