გრიგოლ ვაშაძე: ოპოზიცია შედგა, ეს არის მძლავრი ძალა, ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია შედგა და ისინი დაშლას არ აპირებენ.
​მისივე შეფასებით, “ასეთი არჩევნები” საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.
“გამოცხადდა ეგზიტპოლის შედეგები, დღევანდელი დღის 5 საათის მონაცემებით, ჯერჯერობით 55 %- 45% არის შედეგი, უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ “რუსთავი 2”-სა და “ედისონ რისერჩს”, თუმცა აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს, იმიტომ რომ ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა მივიდა არჩევნებზე ზუსტად 5 საათის შემდეგ.
“​ასეთი არჩევნები” ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო ყველას მობილიზება მოხდა, ყველას მოსყიდვა, ყველა კრიმინალი, ნარკომანი, ყველა საქმეში იყო ჩართული. მიუხედავად ამისა, დღეს 5 საათის მონაცემებით 756 00 ხმა იყო გაერთიანებული ოპოზიციის და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ორ შედეგს მივაღწიეთ უკვე, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები. პირველი არის ის, რომ ოპოზიცია შედგა, ეს არის მძლავრი ძალა, ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ, ყველაფერი ახლა იწყება, და მეორე, ამ არჩევნებით ე.წ. ხელისუფლებამ და ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ნიშანი. აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს რა უსულო შედეგს შეიტანენ პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დასრულებულია. იმიტომ რომ ამისთანა სირცხვილი, რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოს ჯერ არ უნახავს”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
​შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 42% აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 58%. ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 45 % აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 55 %.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები