ბიძინა ივანიშვილი: ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა
პირველ რიგში და ყველაზე მთავარია, ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა და კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.
„პირველი ტურის შემდეგ, ეგზიტპოლებზე ალბათ, სახიფათოც კია, გავაკეთოთ რეაქცია. რამდენადაც, ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია უკვე, რომ გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად, საზოგადოებას. თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს, რაც მოხდა ამ არჩევნებში, როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში და ზოგადად, ბოლო თვეების განმავლობაში, როგორ განვითარდა სიტუაცია პოლიტიკაში, ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება, ჩემი აზრით.
პირველ რიგში და ყველაზე მთავარი, ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა და კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია გააკეთა, როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ტელეკომპანია „იმედმა“ ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული კვლევების მიხედვით, Gallup-ის ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 42% აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 58%.
აღნიშნული შედეგები 18:00 საათის შედეგად დათვლილია მონაცემებია.
ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მაც გამოაქვეყნა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 45 % აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 55 %. აღნიშნული მონაცემები 17:00 საათის მონაცემებია. კვლევა „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.