მამუკა ბახტაძე: მადლობა საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გამოცხადებული ეგზიტპოლების შემდეგ საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საზოგადოების გზავნილი მიღებულია და მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
“მოსახლეობას მინდა გადავუხადო მადლობა. იცით, რომ ამომრჩეველთა აქტივობა იყო მაღალი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ნამდვილად შემდგარი დემოკრატია გვაქვს. ​მინდა, მივულოცო სალომე ზურაბიშვილსაც. ჩვენთვის, როგორც მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც პირველი ტურის შედეგები, ისე მეორე ტურის შედეგებიც. ჩვენ მივიღეთ გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისგან და ვიცით, რა არის გასაკეთებელი, ახლა არ არის იმის დრო, რომ ზეიმისთვის დრო დავკარგოთ. ახლა უნდა ვიმუშაოთ, მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევებს.
კიდევ ერთხელ, მადლობა, მადლობა საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის”,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
​შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 42% აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი – 58%. ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 45 % აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი – 55 %.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები