მამუკა მდინარაძე: გვაქვს შანსი, რომ „ნაცმოძრაობაზე“ სულ მცირე 300 000 ხმით გავიმარჯვოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ამომრჩეველთა აქტივობაზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, მმართველი გუნდი “ნაციონალურ მოძრაობაზე” სულ მცირე 300 000 ხმით გაიმარჯვებს.
მისივე თქმით, იშვიათად ხდება, რომ პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურში მაღალი აქტივობა ფიქსირდებოდეს.
„ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო საზოგადოებას, რათა დაფიქსირდა უპრეცედენტო აქტივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, იმ დრომდე, ვიდრე არ დამთავრდება საარჩევნო პროცესი, გვაქვს შანსი, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ სულ მცირე 300 000 ხმით. ძალას, რომელსაც სწყურია რევანში, მივმართავ, რომ აზრი ეკარგება ყოველგვარ მანიპულაციებს, პროვოკაციებსა და ასე შემდეგ, მათ შორის კვლევებით და ეგზიტპოლებით მანიპულაციასაც.
როგორც წესი ძალიან იშვიათად არის პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურში მაღალი აქტივობა, ეს დაფიქსირდა დღეს. ჩვენ ეს გვაძლევს აბსოლუტურად ლოგიკური ანალიზის საფუძველს“, – განაცხადა მდინარაძემ.