გიორგი ვაშაძე ცესკოს: მიეცით მითითება კომისიების თავმჯდომარეებს, რომ ადამიანების უკანონოდ გაძევების უფლება არ აქვთ
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ცესკოს მიმართავს და მოუწოდებს, შესაბამისი მითითება მისცეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, რომ უფლება არ აქვთ უკანონოდ გააძევონ ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ დარღვევებს აფიქსირებენ.
როგორც გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებიდან 55 ადამიანია გამოძევებული.
„ახლოვდება ხმის დათვლის პროცესი. ამ ეტაპზე 55 ადამიანი არის გამოძევებული საარჩევნო უბნებიდან. ესენი არიან დამკვირვებლები. გურჯაანში განსაკუთრებით მასიურად ხდება ეს ყველაფერი. 30 ადამიანი არის მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოძევებული. ზოგიერთ შემთხვევაში გვაქვს ინფორმაცია, რომ კომისიის წევრებიც არიან გამოძევებული. ნუ არღვევთ საარჩევნო პროცედურებს, მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მიეცით შესაბამისი მითითება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, რომ არ აქვთ უფლება უკანონოდ გააძევონ ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ დარღვევებს აფიქსირებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.