ცესკო: დეპუტატ შოთა ხაბარელს აკრედიტაცია გაუუქმდა
ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული გარკვეული პროცედურული ხარვეზების შესახებ ისაუბრა.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა დარღვევას, მას გაუუქმდა ორგანიზაცია “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ აკრედიტაცია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანზე არსებულ პლანშეტებში აღარ არის ჩატვირთული ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფოტოსურათიანი სია არასდროს ყოფილა ჩატვირთული უბანზე არსებულ პლანშეტებში, რამდენადაც პლანშეტების მეხსიერება არ იძლევა ამის შესაძლებლობას. საარჩევნო უბანზე პლანშეტების დარიგების დანიშნულება ამომრჩევლებისთვის მათი საარჩევნო უბნების მითითებაა“- განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლდანში 68-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები გარეთ გავიდნენ და საარჩევნო ყუთი მიატოვეს.
„ასევე დაფიქსირდა შემთხვევა – ხულოს #1 საარჩევნო უბნის ამომრჩეველი, რომელსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა ხმა, არ იმყოფებოდა სახლში, ის გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. მის მაგივრად მისმა მეუღლემ მისცა ხმა. ვინაიდან დაირღვა პროცედურა, გადასატან საარჩევნო ყუთს მიიტანენ საოლქო საარჩევნო კომისიაში და შესაბამისი კომისია იმსჯელებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობაზე. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2-მა ამომრჩეველმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-2 და მე-14 საარჩევნო უბნებზე ხმა მისცეს ყალბი პირადობის მოწმობებით. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. ერთ შემთხვევაში, მოქალაქეს ჰქონდა სამართლებრივად ვალიდური პირადობის მოწმობა, უბრალოდ ის იყო დიდი ხნის აღებული და გაცრეცილი, ხოლო მეორე შემთხვევაში დაფიქსირდა ხარვეზი – პირადობის მოწმობის შეუმოწმებლობა. დიდუბის #11 უბანზე იმყოფებოდა უფლებამოსილი პირი არასამთავრობო ორგანიზაციიდან – „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“, ის უბნის შესასვლელთან ამომრჩეველთა მონაცემებს ამუშავებდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე მიიღო ზომები და აღნიშნულ პირს დაატოვებინეს უბანი“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.