ცესკო ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე რამდენიმე პროცედურული ხარვეზი დაფიქსირდა. მათი ნაწილი ადგილზევე აღმოიფხვრა, ხოლო დანარჩენ ხარვეზებზე, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება“, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ანა მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო პროცედურული ხარვეზის რამდენიმე მაგალითის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, გახლავთ მარკირებული ამომრჩევლების მიერ ხმის მეორეჯერ მიცემის მცდელობა, რაც დაფიქსირდა რუსთავის ოლქში, 2 შემთხვევაში. კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველს აქვს უფლება, ხმა მისცეს მხოლოდ ერთხელ. საარჩევნო უბანზე ყველა ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას.
მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა და ნუ შეეცდებიან მეორეჯერ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
ისნის №52-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც დამკვირვებელმა გადაამეტა მის უფლებამოსილებას, დამკვირვებელს მიეცა გაფრთხილება. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებელი არ დაემორჩილა კომისიის თავმჯდომარის მითითებას, მას სთხოვეს, დაეტოვებინა საარჩევნო უბანი.
ტყიბულში, სოფელ საწირეში, №13-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა ხმა მისცა ვადაგასული პირადობის მოწმობით. დაწერილია საჩივარი და საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა მიქელაძემ.