ხელისუფლების ნეგატიურად წარმოჩენის ბრალდებით, რუსეთის სასამართლომ ოსკაროსანი ფილმი აკრძალა
რუსეთში სასამართლომ ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმის, “Mr Nobody Against Putin”-ის გავრცელება ქვეყნის მასშტაბით აკრძალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჩელიაბინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლომ მიიღო, რომელმაც ფილმის ონლაინ პლატფორმებიდან ამოღების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
სასამართლოს განჩინება ითვალისწინებს დოკუმენტური ფილმის დაბლოკვას რამდენიმე სტრიმინგ სერვისზე, მათ შორის რუსულ პლატფორმებზე, „მოსახლეობის განუსაზღვრელი წრის ინტერესების“ დაცვის მიზნით.
პროკურატურის მტკიცებით, ფილმი „ნეგატიურად წარმოაჩენს“ რუსეთის ხელისუფლებასა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს, ასევე შეიცავს ექსტრემისტულ სიმბოლიკას და არასრულწლოვანთა მონაწილეობით გადაღებულ კადრებს მშობლების თანხმობის გარეშე.
დოკუმენტური ნამუშევარი, რომელიც 2026 წლის „ოსკარზე“ საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში დაჯილდოვდა, აღწერს რუსეთის სკოლებში მიმდინარე პროპაგანდის პროცესს და დაფუძნებულია ფარულად გადაღებულ მასალაზე ჩელიაბინსკის რეგიონიდან.
კრემლს ფილმის შესახებ ოფიციალური პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირებია.