შალვა პაპუაშვილი: რასაც ვაკვირდებით არის ის, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია, ზოგიერთი ლიდერი ცდილობს ევროკავშირი რაღაც ფსევდო რელიგიად აქციოს
“ამას ვაკვირდებით ჩვენ ბოლო 22 წელია, ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს თავისი ძალიან ცხადი მიზანი, ეს არის იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც გააჩნია ყველაზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელის ბიუროკრატია, ზოგიერთი ლიდერი ცდილობს ევროკავშირი რაღაც ფსევდო რელიგიად აქციოს.
“იმ ეკლესიის დისკრედიტაცია, რომელიც წარმოადგენს სულიერ საყრდენს ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.
რასაც ვაკვირდებით არის ის, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია, ზოგიერთი ლიდერი ცდილობს ევროკავშირი რაღაც ფსევდო რელიგიად აქციოს. ბევრ ნიშან-თვისებას ვხედავთ უკვე ფსევდო რელიგიურს მათში, როდესაც საუბრობენ ფასეულობებზე და ღირებულებებზე.
ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ ფინანსდებოდა საზღვარგარეთიდან ის ხალხი, ვინც ახდენდა ეკლესიის დისკრედიტაციას. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დაფინანსება მიიღო ყველაზე ბოლოს „სოვლაბმა“, იმ ხალხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციით იყო დაკავებული – გიორგი კანდელაკის საკითხი გახსოვთ სამებაში ხატთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შემდეგ საფრანგეთიდან მიიღეს დაფინანსება. ევროკავშირის დაფინანსება ჰქონდა ე.წ. „ტოლერანტობის ცენტრს“, რომელსაც თან უწოდებენ სახალხო დამცველთან არსებულს, რაც არის ჩვეულებრივი აფერისტობა. არანაირი კავშირი სახალხო დამცველთან მათ არ აქვთ. ეს ადამიანები პირდაპირ დაკავებულები იყვნენ არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პატრიარქის დისკრედიტაციით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.