შალვა პაპუაშვილი: ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა, რომ საქართველოში რამენაირად ხდება სანქციების დარღვევა
“მიუხედავად იმისა, რომ არის ცილისწამება საქართველოსთან დაკავშირებით, ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა და ვერ მოიტანეს, რომ საქართველოში რამენაირად ხდება სანქციების დარღვევა,”- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ქართველი ბიზნესმენი ოკუპირებული დონეცკიდან ქვანახშირისა და ლითონის შემოტანას გეგმავს”.
მისივე თქმით, საქართველო პირობებს იცავს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს მიმართ უმადურია.
„კიდევ ერთხელ, არის შეზღუდვები დაწესებული. მიუხედავად იმისა, რომ არის ცილისწამება საქართველოსთან დაკავშირებით, ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა და ვერ მოიტანეს, რომ საქართველოში რაიმენაირად ხდება სანქციების დარღვევა. ჩვენ ამ პირობებს ვიცავთ მიუხედავად იმისა, რომ უმადურია ევროკავშირი საქართველოს მიმართ. ვხედავთ, რომ იყო ცილისწამების მცდელობა ყულევთან დაკავშირებით. ასე პასუხობენ ჩვენს მხარდაჭერას. იცით, რომ ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ევროკავშირის სანქციები დავიცვათ, მაგრამ მხოლოდ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომის, პატივისცემის გამო უზრუნველყოფთ ამ ყველაფერს და არა ბრიუსელისთვის, კიევის ხელისუფლებისთვის. ამ უმადურობას ვხედავთ, მათ შორის ბრიუსელისგან ბოლო დროს უმადურობის მაგალითი იყო ყულევთან დაკავშირებით ცილისწამება, რომელიც დადასტურდა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი. არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა სანქციების დარღვევისა, რომლის შემდეგაც ბოდიშიც კი ვერ მოვისმინეთ მათი მხრიდან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.