საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ბოლოჯერ ირჩევს

საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრის გზით დღეს ბოლოჯერ აირჩევს. პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი ახალი კონსტიტუციითაა განსაზღვრული, რომელიც არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.
საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებული კონსტიტუციით, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ერთჯერადად, ექვსი წლის ვადით, 2023 წლამდე აირჩევს, რის შემდეგაც პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება მხოლოდ პარლამენტს ექნება.
კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია 300 წევრით იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრით. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს.
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ოქტომბერში, პარლამენტის სასახლეში გაიმართება და პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს.
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები