მამუკა ბახტაძე: ამ არჩევნებზე ნათლად ვიხილეთ რუსული რბილი ძალის პროპაგანდისტული მექანიზმი, რომლის მთავარი ტექნოლოგიაა, მოწინააღმდეგეს დააბრალო ის, რაც შენ ჩაიდინე

ამ არჩევნებზე ნათლად ვიხილეთ რუსული რბილი ძალის პროპაგანდისტული მექანიზმი, რომლის მთავარი ტექნოლოგიაა, მოწინააღმდეგეს დააბრალო ის, რაც შენ ჩაიდინე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE”-ში სტუმრობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამის ნათელი მაგალითია ის შოუ, რაც საზოგადოებამ პრემიერის მიერ ჭარბვალიანობის მოგვარებასთან დაკავშირებული ინიციატივის დაანონსებამდე ერთი დღით ადრე ოპონენტებისგან იხილა.
„მათ ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია, თუმცა ბოლომდე ვერ გაიგეს, არასამუშაო დღეს – კვირას მიადგნენ ბანკებს და შოუ მოაწყვეს. ეს ჯდება იმ პროპაგანდისტული მოქმედებების ლოგიკაში, რასაც ვაკვირდებით. ამ არჩევნებზე ნათლად ვიხილეთ რუსული რბილი ძალის პროპაგანდისტული მექანიზმი, რომლის მთავარი ტექნოლოგიაა, მოწინააღმდეგეს დააბრალო ის, რაც შენ ჩაიდინე. მათ იცოდნენ, რომ ეს იქნებოდა ელექტორალურად პოპულარული და შეეცადნენ, პრობლემა, რომელიც თვითონ შექმნეს, ჩვენთვის გადმოებრალებინათ. აქ სხვაობა მარტივია – მათ უნდათ ნგრევა, ჩვენ გვინდა შენება. ჩვენ გვინდა ეკონომიკა, სადაც იქნება სამართლიანი თამაშის წესები, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც ჩვენ ეკონომიკას განვავითარებთ, ამ განვითარების კალაპოტიდან გვერდზე არ დარჩეს საზოგადოების რომელიმე ჯგუფი ან თუნდაც ერთი მოქალაქე. მათი მიზანი იყო იაფფასიანი პოპულიზმი, არც აისახა მათ ე.წ ინიციატივაში, რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას. არ შემიძლია არ შევეხო ამ ე.წ 400-ლარიანი პენსიის თემას. ამაზე უტიფარი ციფრებში გამოსახული ტყუილი არ მომისმენია. ყველაზე მტკივნეულია, რომ ატყუებენ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, ყველაზე დასაფასებელ საზოგადოებას. ციფრებში ეს ნიშნავს 2 მილიარდ ლარს. ჩვენ რომ დავაჯამოთ მთელი ჩვენი პოლიციის, ექიმების, ჯარისკაცების, სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის და ყველა სსიპ-ის ხელფასები და ეს ინსტიტუტები გავაუქმოთ, ამ შემთხვევაშიც კი ვერ ვიღებთ ამ რიცხვს. ამ დონის და ამ მასშტაბის ტყუილთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები