ზაალ ანჯაფარიძე: რევოლუციურ სცენარს, მით უმეტეს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ თაოსნობით, ფართო საზოგადოება მხარს არ დაუჭერს

„არჩევნების მეორე ტურზე, ოპოზიციის მხრიდან აქცენტის გადატანა არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე, გასაკვირი არ არის, რადგან სწორედ ამით თუ შეძლებენ „რევოლუციური სცენარისათვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებას“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრამდე საჯარო სივრცეში უკვე იმდენი დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ბინძური პოლიტტექნოლოგიების ინსტრუმენტები და მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მუქარა დაგროვდა, რომ ეს არჩევნები ამ კუთხით, თამამად შეიძლება რეკორდსმენად ჩაითვალოს.
„გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებაზე სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან ერთად, უმთავრესი პასუხისმგებლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის საოლქო და საუბნო კომისიებს ეკისრებათ, ბუნებრივია, რომ 28 ნოემბერს სწორედ ცესკო იქნება მომეტებული ყურადღების, მათ შორის არაჯანსაღი ყურადღების და შესაძლოა, დარტყმის ობიექტი”,- განაცხადა ანალიტიკოსმა, რომლის აზრით, პირველ ტურში არსებული მცირე ხარვეზების მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცესკოს მუშაობა, ძირითადად, დადებითად შეაფასეს.
„არავინ დავობს, რომ უკიდურესად დაძაბული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ატმოსფეროს პირობებში, რომელსაც უპირველეს ყოვლისა, ხელი ოპოზიციამ, კერძოდ კი „ნაცმოძრაობამ“ და მის ირგვლივ დაჯგუფებულმა წვრილმა პარტიებმა და პერსონებმა შეუწყვეს, ამ არჩევნებზე აქა-იქ იფეთქეს ძალადობის აქტებმა, რაც ნამდვილად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეაგირება დარღვევებზე მყისიერი იყო. ამის თვალსაჩინო მაგალითია, რეაგირება სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებაზე ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის შესახებ, რომლის შემდეგ მათ თავდაპირველი შეტევითი ტაქტიკიდან გადახვევა და უკან დახევა მოუწიათ“, – აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე განცხადებით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, თუ რამდენად ჯდება ცივილური საარჩევნო პროცესის ფარგლებში, არჩევნების წინა დღეს ის, რომ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ფაქტობრივმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ღიად, საჯარო ვიდეომიმართვის სახით და​აანონსა საპროტესტო აქციები და გადატრიალებისკენ მოწოდება, თუ მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამარცხდება.
ანალიტიკოსი ხელისუფლებას ურჩევს, უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოს საარჩევნო პროცედურების და სტანდარტების მაქსიმალური დაცვა, რათა ყველაზე უფრო სკეპტიკურმა და მიკერძოებულმა დამკვირვებელმაც ვერ შეძლოს რაიმე კრიტიკულის დაწერა.
„ხელისუფლებამ უფრო ინტენსიური კონტაქტი უნდა დაამყაროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მუდმვ რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროვოკაციების აღკვეთა და საუკეთესო შემთხვევაში მათი პრევენცია. თუმცა, პროვოკაციების ალბათობა სამწუხაროდ საკმაოდ მაღალია. მე მაინც ვფიქრობ, რომ რევოლუციურ სცენარს, მით უმეტეს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ თაოსნობით, ფართო საზოგადოება მხარს არ დაუჭერს”,- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები