არასამთავრობოები: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი, პირველ ტურთან შედარებით ნეგატიური კამპანიით ხასიათდებოდა

საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი, პირველ ტურთან შედარებით, უფრო მკვეთრი პოლარიზებით და მეტად გამოხატული ნეგატიური კამპანიით ხასიათდებოდა, – ამის შესახებ ნათქვამია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს მოიცავს.
მონიტორინგის შედეგები საია-მ, ISFED-მა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნეს.
„მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას ჩამოყალიბდა და გააქტიურდა რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა რომელთა მიზანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ხდება შემოწირულობის განხორციელება დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. მკვეთრად ნეგატიური და აგრესიულია აღნიშნული ჯგუფების ნაწილის წინასაარჩევნო გზავნილები. ამ პერიოდში კვლავ აქტიური იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სოციალური ქსელების მეშვეობით წარმოებული კამპანია, რომელიც ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურებოდა”, – ნათქვამია ანგარიშში.
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუთითებენ ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზეც, მათ შორის ახალქალაქსა და ონში მომხდარ ინციდენტებზე. მათივე შეფასებით, ძალადობრივი ინციდენტები ძირითადად ოპოზიციური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე განხორციელდა.
“საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ფიზიკური დაპირისპირების და ძალადობის ფაქტები თითქმის არ დაფიქსირებულა, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. პირველი ტურის შემდეგ, შემაშფოთებელ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ახალქალაქში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ოპოზიციის აქტივისტებს ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები თავს დაესხნენ. ძალადობრივი ინციდენტები ძირითადად ოპოზიციური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე განხორციელდა, ხოლო ერთ შემთხვევაში, პირს ფიზიკურად გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის არმიცემის გამო დაუპირისპირდნენ. საგულისხმოა, რომ 21 ნოემბერს გვიან ღამით, ქალაქ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ნოდარ ბურდილაძეს ცივი იარაღით მუცლის არეში სამი ჭრილობა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბურდილაძე ყოფით ნიადაგზე დაჭრეს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება გაერთიანებული ოპოზიცია და აცხადებენ, რომ მის დაჭრას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. ფიზიკური დაპირისპირების ყველა ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო,”- ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები