გია აბაშიძე: თუ ვაშაძე პრეზიდენტი გახდა, მისი განცხადება ტრამპის ადმინისტრაციასთან ბევრ უხერხულ მომენტს შექმნის
თუ ვაშაძე პრეზიდენტი გახდა, მისი განცხადება დონალდ ტრამპის შესახებ ძალიან ბევრ უხერხულ მომენტს შექმნის ტრამპის ადმინისტრაციასთან, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აბაშიძე საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ვაშაძემ აშშ-ს პრეზიდენტის შესახებ სტუდენტებთან შეხვედრისას 2017 წლის მარტში გააკეთა.
„მისი პარტიის ლიდერი, სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ტრამპისტია და მოსწონს მისი პოლიტიკა. ალბათ, უნდოდა ვაშაძის ერთი წლის წინანდელი განცხადების შერბილება. თუმცა შეხვედრაზე, რომელიც შედგა „საქართველოს უნივერსიტეტში“ ვაშაძე ხაზგასმით ამბობს, რომ ტრამპმა ჰილარი კლინტონს საარჩევნო პროგრამიდან მოპარა გარკვეული მონაკვეთები და გარკვეული მნიშვნელოვანი პროექტები. მეორე – თქვა, რომ საქართველო გახდება იმ გარიგების მსხვერპლი, პოსტსაბჭოთა სივრცეში იგულისხმა საქართველო, რითაც ტრამპის ადმინისტრაცია და პუტინი გარიგდებობდნენ.
ეს არის ძალიან სამწუხარო და საგანგაშო. მესმის სხვადასხვა ამერიკელი პოლიტოლოგისგან, კოლეგისგან, რომ ეს მათ არ იცოდნენ და ახლა გაიგეს, როცა ქართულმა მედიამ დაატრიალა ეს ვიდეოჩანაწერი. ძალიან საფრთხილო და სათუთი თემაა.
როცა კანდიდატს არჩევდა პარტია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, კარგად უნდა გაეანალიზებინათ მისი წარსული გამონათქვამები და არ უნდა ყოფილიყო თავდასხმა სხვა კანდიდატზე“,- განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ 2017 წელს, სტუდენტებთან შეხვედრისას ტრამპი გააკრიტიკა. ვაშაძემ განაცხადა, რომ მას პოლიტიკური სიმპათია დემოკრატების კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მიმართ ჰქონდა, რომელიც აშშ-ს 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე და კონკურენტი იყო. სტუდენტებთან შეხვედრისას გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ამერიკის მმართველებად ანტიგლობალსტები მოვიდნენ. მისივე თქმით, რუსეთი ამერიკას მხარში დაუდგა ისლამურ რადიკალიზმთან ბრძოლის მიმართულებით. ვაშაძე გლობალურ პოლიტიკის შეფასებისას ამბობს, რომ ამერიკა და რუსეთი გარიგდნენ. მისი აზრით, პუტინი ტრამპს მხარში დგომის სანაცვლოდ მნიშვნელოვან ულტიმატუმს წაუყენებდა. ვაშაძის თქმით, ამერიკამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე კონტროლი დათმო .
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერი სოციალური ქსელით გავრცელდა. შეხვედრა სტუდენტებთან ჯერ კიდევ შარშან, 2017 წლის 9 მარტს გაიმართა.
თამუნა შეყილაძე