პრემიერმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.
დამკვირვებლებმა ქვეყანაში არსებული კონკურენტული საარჩევნო გარემო პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს ორგანიზაციების შეფასებებშიც აისახა.
მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამჯერადაც, ისევე, როგორც 2012 წლიდან დღემდე, ყველა არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამის, სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.
პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, თითოეული ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებები, არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალურ წესრიგს უზრუნველყოფენ, რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და საჭიროების შემთხვევაში დროულად აღკვეთენ ნებისმიერ კანონდარღვევას.
მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის კვლავაც გარანტირებული იქნება არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგისა და გაშუქების დაუბრკოლებლად განხორციელების პირობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები