კახა კალაძე: 2012 წლამდე, “ნაცმოძრაობა” მთელ მსოფლიოს აჩვენებდა, როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფალი, დღეს კი ეს ძალა აჩვენებს, როგორ არ უნდა იქცეოდეს ოპოზიცია

“2012 წლამდე, “ნაციონალური მოძრაობა” სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს აჩვენებდა, როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფალი, დღეს კი ეს ძალა აჩვენებს, როგორ არ უნდა იქცეოდეს ოპოზიცია”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვერაზე, ამომრჩეველთან შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.
,,მოსახლეობასთან შეხვედრისას ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, ვისაუბრეთ ამ არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ ავუხსენით მათ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სიმშვიდე და სტაბილურობა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის სტაბილურობა და სიმშვიდე, ძალიან მარტივია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვჭირდება დაპირისპირება და არ დავუშვებთ მოწოდებებს, რასაც ვისმენთ ოპოზიციის ლიდერების მხრიდან – გადატრიალებებს, რევოლუციას და ასე შემდეგ. სიტუაციას ვაკონტროლებთ და თუ რაიმე გადაცდომა იქნება, კანონის წინაშე ყველას მოუწევს აგოს პასუხი”,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ისაუბრა იმ ცილისმწამებლურ და ბინძურ კამპანიაზეც, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” დღეს უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს აწარმოებს.
,, 2012 წლის შემდეგ, მე ასეთი მძიმე საარჩევნო კამპანია არ მახსოვს. ასეთი სიბინძურე, ცილისწამება, პირადი შეურაცხყოფა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამას აკეთებს ნაციონალური მოძრაობა, დღეს უკვე ოპოზიციაში და სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს და როგორ არ უნდა იქცეოდეს ოპოზიცია. 2012 წლამდე, ისინი აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფალი საკუთარი მოსახლეობის წინაშე” , – აღნიშნა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები