გახარია : უახლოეს პერიოდში, შს სამინისტრო პარლამენტში შეიტანს ინიციატივას, რომლის ფარგლებში, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება მოხდება ​

“არსებობს საგამოძიებო უწყებები და არსებობს პოლიცია. არავის საქმე არ არის იმ განცხადებების კეთება, რომ რაღაც კრიმინოგენული სიტუაცია თურმე ზუგდიდში გამწვავდა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ზუგდიდში კრიმინალის მატებას ეხებოდა.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ღიმილისმომგვრელია და მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე აქვს ადგილი, რადგან ოპონენტებს სხვა არგუმენტები აღარ აქვთ.
“ამ ზღაპრებს, რასაც ვისმენ, ვუპასუხებ, როგორც კი არჩევნები დასრულდება. ეს ღიმილისმომგვრელი სპექტაკლია რაღაც საკითხებზე, რომელიც აბსოლუტურად გაურკვეველია. არსებობს საგამოძიებო უწყებები და არსებობს პოლიცია, არავის საქმე არ არის იმ განცხადებების კეთება, რომ რაღაც კრიმინოგენული სიტუაცია თურმე ზუგდიდში გამწვავდა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს არ რჩება სხვა არგუმენტი. ზუგდიდში კრიმინოგენული სიტუაცია ახლა გამწვავდა, არჩევნებამდე 2 დღით ადრე? მაშინ, როდესაც 7-8 თვით ადრე, ერთი წლის წინ, მართლაც მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია იყო და ვებრძოდით, მაშინ სად იყო ეს ხალხი? მაშინ რას აკეთებდა? ალბათ, მაშინ თბილისში ცხოვრობდნენ თბილად, ხომ?
ახლა რაც შეეხება სტატისტიკას, გადახედოთ კრიმინოგენულ სიტუაციას ზუგდიდში ბოლო 3-4 თვის განმავლობაში. ბოლო შემთხვევის გარდა, არც ერთი მძიმე სახის დანაშაული არ მომხდარა. ამიტომ, ახლა ამ ღიმილისმომგვრელ სპეკულაციებზე არ მინდა დრო დავხარჯო, იმიტომ, რომ ვიცი, ყველა ჩემი სიტყვა იქნება პოლიტიკური კონტექსტით გამოყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში მე წარმოვადგენ იმ გუნდს, რომელმაც კრიმინალური სამყაროსა და ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ახალი კანონის ინიცირება მოახდინა პარლამენტში და ეს კანონი მიიყვანა ბოლომდე, რის შედეგადაც, დღეს, ათობით კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი და შესაბამისი დანაშაულის ჩამდენი არის დაკავებული”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტში შეიტანს ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება.
“ახლა გეტყვით ერთ სიახლეს – უახლოეს პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტში შეიტანს ინიციატივას, რომლის ფარგლებში, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაც. ახლა უბრალოდ, წარმოიდგინეთ ეს რას ნიშნავს. საქართველოში ჩვენ ვსაუბრობთ ქურდულ მენტალიტეტზე, ახლა ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაც მოხდება. ეს ის ინსტრუმენტია, რომლითაც ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ იმისთვის, რომ ეფექტიანად ვებრძოლოთ კრიმინალურ მენტალიტეტს და ქურდულ სამყაროს. საერთოდ, ისეთი გაგება, როგორიც არის ქურდული მენტალიტეტი, ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ეს არის ის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. იმ სისულელეებზე, რომლებსაც უბრალოდ, სხვა არგუმენტები, რომ აღარ აქვთ, პოლიტიკური კონტექსტისთვის იყენებენ, პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნების წინ პასუხს არ გავცემ. დასრულდება არჩევნები და შემდგომ ყველას ვუპასუხებ“, – აღნიშნა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები