გოგა ხაინდრავა: მე დავადასტურებ დოკუმენტებით, რომ ვაშაძე იყო საბჭოთა კგბ-ს დამსმენი

“ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ზუსტი, კარგად გააზრებული მომავალი. ეს მომავალი არის ევროპა და ამ ევროპის განსახიერება არის სალომე ზურაბიშვილი”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კარიერა დამსმენობით გაიკეთა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერ სასამართლოში, ნებისმიერ შეკრებაზე, ნებისმიერ ეთერში, მე დავადასტურებ დოკუმენტებით, რომ ვაშაძე იყო საბჭოთა კგბ-ს დამსმენი, რომელიც დაჰყვებოდა სახელისუფლებო კოლექტივებს და იწერდა, ვინ რამდენი კოკა-კოლა იყიდა, ვინ “მარლბორო” იყიდა, ვინ ჯინსები იყიდა, ვინ ვის დაელაპარაკა. ისე კარგად ასმენდა ყველას, რომ მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისეთ დაწესებულებაში და ისეთ განყოფილებაში, რომელიც ბირთვულ შეიარაღებას შეეხებოდა.
თქვენ ხომ გესმით, ეს ხდება ანდროპოვის დროს, ეს ხდება ყველაზე რეაქციული საბჭოთა რეჟიმის დროს, ომის მერე. მაშინ დაიჭირეს კოსტავა და სხვები. იმ დროს კაცმა კარიერა დამსმენობით გაიკეთა.
ვინმე ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დამსმენი მოვა საქართველოს პრეზიდენტად?! ეს იქნება, ჩემო კარგებო, მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელ საქართველოს გაანადგურებენ, მაგრამ ვერ გაანადგურებენ. ჩვენ ვართ მეტნი, ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ზუსტი, კარგად გააზრებული მომავალი. ეს მომავალი არის ევროპა და ამ ევროპის განსახიერება არის სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები