წულუკიანი: ჩვენ წნორში საბჭოთა ინფრასტრუქტურა დავასრულეთ

“ბრიტანეთის საბჭოს აქვს სურვილი, რომ ამ ცენტრშიც, ისევე როგორც სხვა რამდენიმე ცენტრში, ჩვენს ახალგაზრდებს შევთავაზოთ ხარისხიანი ინგლისურის კურსები, რომელიც სერტიფიკატით მთავრდება”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წნორში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ცენტრში ახალგაზრდებისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკა იქნება, ხანდაზმულები კი სხვა სერვისებთან ერთად, პენსიის აღებასაც შეძლებენ.
„პირველ რიგში, ახალგაზრდებს მივულოცავ, რადგან მათთვის აქ გვაქვს ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რადგან ამ ინფრასტრუქტურაში შეიძლება ყველა წიგნი არ დაეტიოს, მაგრამ კომპიუტერებში უკვე გაქვთ ჩატვირთული ელექტრონული წიგნები. იქ, სადაც ახლა ვდგავართ, უკვე არის უკაბელო ინტერნეტი, ეს სწორედ „მაგთის“ დამსახურებაა, მადლობა მათ.
ხანდაზმულები, სხვა სერვისებთან ერთად, აქვე მიიღებენ პენსიას ისე, რომ სხვა ადგილას სიარული აღარ იქნება საჭირო და მადლობა ამისთვის ჩვენს ერთგულ მეგობარსა და პარტნიორს „ლიბერთის“.
აქვე ჩვენ გვესწრება ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელი, ბრიტანეთის სახელმწიფო ასევე ჩვენი ერთგული მეგობარია. რატომ?! იმიტომ, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ ამ ცენტრშიც, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ცენტრში, ჩვენს ახალგაზრდებს შევთავაზოთ ხარისხიანი ინგლისურის კურსები, რომელიც სერტიფიკატით მთავრდება, რადგან ყველამ იცით, რომ ამ უცხო ენის გარეშე გზა გაიკვალო, არის ცოტა უფრო ძნელი.
ყველას გისურვებთ წარმატებას, გილოცავთ ამ ინფრასტრუქტურას, რითაც ჩვენ წნორში საბჭოთა ინფრასტრუქტურა დავასრულეთ და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველამ ერთად შევძელით, მადლობა გუბერნიას და რა თქმა უნდა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. გისურვებთ ბევრ წარმატებას და სიახლეს ქალაქ წნორში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის,პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები