მოცეკვავე გოგოები შეშუპებული ხელებით

ერთი, ორი, ერთი, ორი…
ქუსლი, წვერი, ქუსლი წვერი, ნინო ბეჭებში გაიმართე, ყველამ თავი მაღლა ავწიეთ, ხელი კარგად გაშალეთ! დარეჯან ხელი გაასწორე, თითები ამუშავეთ გოგოებო… მარცხენას უყურე ლიკა, ყურადღებით!
მოცეკვავეების სხეული, გონება, ფეხის მოძრაობა, მუსიკის რიტმს მიჰყვება, ხელის მტევანი კი ყველაზე მეტად ჯიუტობს, იღლება, სინქრონს არღვევს და ხშირად დაბლა ეშვება, შეშუპებულია. ნინო მასწავლებელი გოგოებს ქართულ ცეკვას ასწავლის. გოგოების ასაკი 45 წლიდან იწყება და ყველა მათგანი ძუძუს კიბოს დიაგნოზითაა ნაოპერაციები.
მე-4 წელია, კვირაში ერთ დღეს, ანსამბლი „ნინო“ საკუთარ დარბაზსა და დროს ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციებ ქალბატონებს უსასყიდლოდ უთმობს. ცეკვა, „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“ გაერთიანებული ქალბატონებისთვის, არამარტო ფსიქოლოგიური განტვირთვაა, არამედ აუცილებელი ფიზიკური აქტივობა. ძუძუს ოპერაციის შემდგომ, ნაოპერაციებ ადგილას ლიმფის შეგუბება ხდება, რაც ქმნის დისკომფორტს, იწვევს ხელის მოძრაობის შეზღუდვასა და შეშუპებას. ქართული ცეკვა, ფიზიკური აქტივობა, ილეთები ოპერაციის შემდგომ, ხელის მოძრაობის აღდგენას უწყობს ხელს.
ამ გოგოებისთვის, დღეს მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში, ქალები ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდეგ, დაავადებასთან მარტო რჩებიან დეპრესიით, ხელის შეშუპებით, ტკივილით, თმის ცვენითა და კიბოს განაჩენის დაუძლეველი სტიგმით. საქართველოში არ არსებობს, პოსტოპერაციული რეაბილიტაციის არცერთი სერვისი, რომელიც ამ დიაგნოზით ნაოპერაციევბ ქალებს ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ თერაპიას დააფინანსებდა. ან სხვა ქვეყნების მსგავსად, უსასყიდლოდ გადასცემდა ძუძუს პროთეზსა და პარიკს… ნაოპერაციები პაციენტების ნაწილი დღეს “გამარჯვებულ ქალთა კლუბშია“ გაერთიანებული, სხვადასხვა ორგანიზციის იმედად, რომლებიც აცნობიერებებ თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას.
ასეთი ბევრი არ არის. არა და, დღეს ძუძუს კიბოს დიაგნოზი ყველას ეხება, რადგან სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველ მე-8 ქალს უვითარდება ეს დაავადება, ყოველი მერვე კი შეიძლება იყოს დედა, და ან შენი უახლოესი მეგობარი. ეს იმ საზოგადოების პრობლემაა, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობთ. ამიტომ თანადგომის საჭიროების დანახვა სირთულეს არ წამოადგენს, მხოლოდ პასუხიმგებლობის აღებაა რთული.
ქალთა კლუბმა შეძლო და საკუთარი პრობლემა იმ ბიზნეს ორგანიზაციებამდე მიიტანა, რომლებიც დღეს კლუბს მხარში უდგანან. ცეკვის ანსამბლი შ.პ.ს „ნინო“, შ.პ.ს „მარიგოლდი“, ს.ს უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) და მარჯანიშვილის თეატრი ის ორგანიზაციებია, რომლებმაც დაავადებასთან ბრძოლაში წვლილის შეტანა საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის აღებით გადაწყვიტეს. ეს მათი ნებაყოფლობითი არჩევანია, აქედან არანაირი მოგება არ აქვთ. უბრალოდ, ზრუნავენ თავისი წილი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. აბსულუტურად უსასყიდლოდ უთმობენ ქალებს დროს, შეკრებისთვის ფართს, უწევენ პროფესიულ დახმარებას და ეხმარებიან თვითდამკვიდრებასა და რესოციალიზაციაში.

ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია
მაგიდის შუაგულში ბევრი ფანქარი ყრია, სხვადსხვა ფერის ძებნაში ხელები არ ჩერდებიან, ფანქრები გრძნობებს ხატავენ, ზოგი მუქია და ზოგიც ფერადი. ფერთა პალიტრა შინაგან განწყობებს წარმოაჩენს. ეს არტ-თერაპიის კურსია მათთვის, ვინც ძუძუს კიბო დაამარცხა და დღეს გამარჯვების ისტორიებს სხვებს უყვებიან. ერთნაირები ერთმანეთისთვის ყველაზე კარგი ფსიქოლოგები არიან. ერთნაირების ერთად ყოფნა ყველაზე კარგი თერაპიაა.
თუმცა, როდესაც ასეთი შეკრებებისთვის ადგილის გამონახვა იყო რთული, უნივერსალურმა სამედიცინო ცენტრმა უსასყიდლოდ ოთახი გამოყო, მისი ფსიქოლოგი მარი ქუთათელაძე კი არტ-თერაპიის ყოველკვირეულ კურსს, უკვე ერთი წელია, რაც მხოლოდ ენთუზიაზმის საფუძველზე უძღვება.
პარალელურად, უნივერსალურმა სამედიცინო ცენტრმა (ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო), მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებისთვის, ამბულატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებზე ფასდაკლება მოქმედებს. ცენტრმა უკვე ორჯერ ჩაატარა უფასო სამედიცინო გასინჯვები კლუბის რეგიონული წარმომადგენლობებისთვისაც.

რახან რეგიონებს შევეხე…
„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ თბილისში 2009 წელს დაფუძნდა, ასეთი გაერთიანება პირველია საქართველოში და დღესდღეობით 600-ზე მეტ წევრს ითვლის. კლუბი აერთიენებს, არამხოლოდ თბილისში მცხოვრებ ქალბატონებს, არამედ შექმნილია რაიონული ორგნიზაციები ლანჩხუთში, ჩოხატაურში, თელავში, გორში, სურამსა და ამბროლაურში. ეს კი, „გამარჯვებულ ქალთა კლუბის” მაგალითზე, მიანიშნებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გადადგმული, თუნდაც მცირე, ნაბიჯები. ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციებ ქალთა გაერთიანებების, რაიონულ დონეებზე გაჩენა კი მხოლოდ გეოგრაფიული გაფართოება არ არის, რადგან კიბოს სტიგმა იქაც ინგრევა, სადაც მყარი კედლები ჰქონდა აშენებული.

ამ „ნგრევაში“, თავისი წვლილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებსაც შეაქვთ. თვეში ერთხელ, ნაოპერაციებ ქალებს ხან „ალუბლის ბაღში“ ასეირნებს, ხან „ზაფხულის ღამის სიზმრებს“ უყვება და ხანაც „არტ-ხელოვნებას“ აზიარებს.

მსახიობებს გულზე ვარდისფერი ბაფთები უკეთიათ, ცნობილი სახეები, სასცენო კოსტუმები და ხმაური დარბაზიდან გამოსული აუდიტორიის ყურადღებას იქცევს. სულ მალე კი დაბნეული აუდიტორია მსახიობების გულზე დაბნეული ვარდისფერი ბაფთისა და „ხმაურიანი ქალების“ მნიშვნელობას იგებს… იგებს, რა გამოიარეს მათ და იგებს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ძუძუს კიბო თავიდან აიცილო.

ამ მიმართულებით, ჩვენ არც ბევრი მაგალითები გვაქვს და არც ისეთი, რომ თვალში მოგხვდეს. თუმცა, ბიზნესის საზოგადოების სასიკეთოდ, გრძელვადიან ჭრილში მოქმედება კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობაა, რომლის არაერთი მაგალითი არსებობს მსოფლიოში, თუნდაც ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალების მიმართ.

მაგალითები:

კომპანია AVON, ბოლო 25 წელია, ძუძუს კიბოს დიაგნოზის წინააღმდეგ იბრძვის. მსოფლიო ბიზნეს ქსელი ძუძუს კიბოს საინფორმაციო კამპანიას წარმართავს და საზოგადოების ინფორმირებულობას უწყობს ხელს, ასევე ჩამოყალიბებულია AVON-ის ფონდი, რომელიც შეგროვილი თანხების მობილიზებას ძუძუს კიბოს აღმოფხვრისკენ მიმართავს;

დიზაინერი სტელა მაკარტნი ყოველწლიურად აფინანასებს ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების კამპანიას. 2017 წელს გამოუშვა სპეციალური ბიუსჰალტერის ხაზი ნაოპერაციები ქალბატონებისთვის. შემოსული თანხებით, მხარს უჭერს ლონდონში არსებულ საქველმოქმედო ფონდს და ლივერპულის კიბოს სკრინინგ ცენტრს;

25 წელია, რაც კომპანია Estée Lauder ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლებისა და სამეცნიერო კვლევას აფინანსებს. ეს ნიშნავს მკვლევართა 160 000 სამუშო საათის ანაზღაურებას.

დავუბრუნდეთ ქართულ რეალობას და კიდევ ერთ მაგალითს. „მარი გოლდი“ „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებს კომპანიაში ხელსაქმეს ასწავლის. ქალებიც კემსავენ, ქარგავენ, აგვირისტებენ, ნამუშევრებს გამოფენისთვის ამზადებენ. შემდეგ კი, თავიანთ ნაკეთობებს საახალწლო ბაზრობებსა და მარათონზე ყიდიან, შემოწირულობებიც ასე გროვდება. კლუბს მცირე, მაგრამ თავისი ფული უჩნდება. ანუ, კერძო ბიზნესისგან ასეთი არამატერიალური დონაციები, თავისთავად უბიძგებს არამომგებიან ორგანიზაციებს, რომ უფრო მეტად იფიქრონ ფინანსურ განვითარებასა და რესოციალიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი რამ გააკეთონ – შექმნამ საკუთარი საქმე, მცირე სოციალური საწარმო და ა.შ., რომელსაც ისევ საკუთარი მიზნების განვითარებას მოახმარენ.

და ბოლოს,

კიბოს სტიგმა ისევ ძლიერია და ქართულ კომპანიებს ხელს უშლის, ამ მიმართულებით კორპორატიული სოციალური პასუხისმგელობის აღებაში. ერთხელ, კლუბმა ერთ-ერთ ცნობილ კომპანიას მიმართა და პასუხი ასეთი იყო, არ გვინდა კიბო ჩვენს ბიზნესთან ასოცირდებოდესო…

თუმცა, პესიმისტი „გამარვებულ ქალთა კლუბის“ არცერთი წევრი არაა. სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებული ბიზნესების მაგალითები და „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ მხარდამჭერების ძალისხმევა იძლევა იმედს, რომ საქართველოშიც შესაძლებელია კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის მიმართულებები უფრო გაძლიერდეს, მოიკიდოს ფეხი და მისი არსის სწორი გაგება, დაეხმარება როგორც ბიზნესკომპანიებს, ასევე იმ სამიზნე აუდიტორიას, რომელსაც კორპორატიული სოციალური ზრუნვა დღეს სჭირდება, ამ შემთხვევაში კი, მოცეკვავე გოგოებს შეშუპებული ხელებით.

ავტ. ლიკა ენუქიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები