“სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ქართველებმა ეს უნდა მივიღოთ და დავინახოთ, რომ დღეს ბრიუსელის სხვადასხვა სტრუქტურა ძალადობას ახალისებს საქართველოში” – შალვა პაპუაშვილი

“საინტერესოა, გაემიჯნება თუ არა ბრიუსელი ძალადობას, ხელისუფლების დამხობას, რომელსაც მანამდე მხარს უჭერდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალი სივრცეში” სტუმრობისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საკმარისი დრო იყო, რომ ბრიუსელს დაეგმო პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი.

“მათ ეს განზრახ არ გააკეთეს, ვინაიდან ამის არდაგმობა არის ძალადობის მოწონება და შემდგომი წახალისება. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ქართველებმა ეს უნდა მივიღოთ და დავინახოთ, რომ დღეს ბრიუსელის სხვადასხვა სტრუქტურა ძალადობას ახალისებს საქართველოში. ერთ-ერთი ფაქტი გუშინ გასაჯაროვდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის ელჩი მიმოწერაშია ტერორისტთან. ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ძალადობის ორგანიზებისთვის არის დაკავებული და დღეს, კიდევ ერთხელ, საჯაროდ გამოვაქვეყნე ვიდეო, რომელიც დევს მის საქმეში. ადამიანი, რომელიც გეგმავდა, თუ როგორ უნდა ესროლათ ქვები, ეყიდათ მაშხალები, ლურსმნები დაეყარათ, ფარები აეწყოთ, მავთულხლართები გაებათ, ბარიკადები აეგოთ და ა.შ. – ანუ აორგანიზებდა ჩვეულებრივ „ქუჩის ომს“, რომელსაც შემდეგ შედეგიც მოჰყვა და ათობით პოლიციელი დაშავდა. მათ შორის, ზვიად ცეცხლაძე ახსენებს მაიდნის გეგმას 2024 წლის 30 ნოემბრის ვიდეოში და აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ადგილობრივ ტერორისტთან მიმოწერა აქვს ევროკავშირის ელჩს და მას წერს, რომ ევროკავშირი ზრუნავს იმაზე, რომ უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. რაზე უნდა გვქონდეს საუბარი, როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ უჭერს მხარს ადგილობრივ ტერორისტს. ფაქტია, რომ, სამწუხაროდ, დღეს ძალადობა მხარდაჭერილია ბრიუსელისგან და ეს ის მწარე რეალობაა, რომელსაც ქართველებმა თვალებში უნდა ჩავხედოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები