ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტადიონის, სკოლებისა და სპორტული კომპლექსების არქიტექტურული ესკიზები განიხილეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკონკურსო კომისიის მორიგ სხდომაზე განიხილეს თელავის სტადიონის, ჩოხატაურისა და წალენჯიხის საჯარო სკოლების, ასევე მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების არქიტექტურული კონცეფციები.

უწყების ინფორმაციით, სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი – რევაზ სოხაძე, სპორტის მინისტრის მოადგილე – ირაკლი მეძმარიაშვილი, კულტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ფეხბურთის ფედერაციის და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.

“კომისიამ განიხილა თელავის სტადიონის არქიტექტურული კონკურსში მონაწილე 11 არქიტექტურული ბიუროს წინადადება. სტადიონი გათვლილია 4,500 მაყურებელზე და უნდა აკმაყოფილებდეს უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებს.

ასევე განხილული იქნა ჩოხატაურის 800 მოსწავლეზე გათვლილი და წალენჯიხის 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების არქიტექტურული ესკიზები.

პროექტები სრულად შეესაბამება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ინფრასტრუქტურულ, ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს.

ორივე სკოლა მოიცავს შიდა და გარე სპორტული მოედნების მოწყობას.

სხდომის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ოზურგეთის, ბაღდათისა და ქობულეთის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების არქიტექტურულ კონკურსებში წარმოდგენილ ესკიზებზე.

წარდგენილი იყო სამი ტიპის — დიდი, საშუალო და პატარა ზომის კომპლექსის პროექტი, თითოეულ კომპლექსს ექნება სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები, ხოლო სპორტული ზონის მოცულობა და დანიშნულება განისაზღვრება ტევადობისა და სპორტული სახეობების მიხედვით.

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს დღეებში, რის შემდეგაც შეფასების შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები