ინგა ფხალაძე: საქართველოს მთავრობა აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს ინვესტორებს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნით
„საქართველოს მთავრობა აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს როგორც ადგილობრივ, ისე – უცხოელ ინვესტორებს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც ჰიდრო, ასევე – მზისა და სხვა სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „ენერგეტიკული გზაჯვარედინი: არჩევანი უსაფრთხო მომავლისთვის” სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა მიმოიხილა.
„საქართველომ მდგრადი და ტრანზიტული ქვეყნის ფუნქცია რომ გააძლიეროს, დამატებითი ღონისძიებებია განსახორციელებელი. ყურადღებას გავამახვილებ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც გაზრდის ექსპორტის პოტენციალს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, როლს”, – აღნიშნა ინგა ფხალაძემ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, შემუშავდა წყალბადის სამოქმედო გეგმა და გზამკვლევი.
თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, გადამცემი ქსელების განახლებაზე, დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და სხვა პრიორიტეტებზე.
აღნიშნულ პანელურ დისკუსიაში ინგა ფხალაძესთან ერთად მონაწილეობდნენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) გენერალური მდივანი – ლაზარ კომანესკუ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სახელმწიფო მდივანი – პეტერ სტარაი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე – ელნურ სოლტანოვი.