ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა TUM-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ გერარდ კრამერს და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ემერიტუს პრეზიდენტს, KIU-ს საპატიო პრეზიდენტს, პროფესორ ვოლფგანგ ა. ჰერმანს უმასპინძლა.
ქუთაისის უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პარტნიორობის შედეგები განიხილეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების შესახებ იმსჯელეს. პროფესორმა პაატა ტურავამ სტუმრებს გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. KIU-ს საოპერაციო მოდელი ეფუძნება TUM-ის მოდელს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების უმეტესობა შემუშავებულია TUM-თან პარტნიორობით და წარმოადგენს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამების ანალოგს. ამასთან, პარტნიორობის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება არაერთი აკადემიური გაცვლითი პროგრამა KIU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.