ამირან სალუქვაძე: 600 ათასი ადამიანის “შავი სიიდან” ამოღება, უდავოდ დადებითი და მასშტაბური აქტია

რამდენიც არ უნდა ვატრიალოთ ეს თემა, 600 ათასი ადამიანის ბანკების “შავი სიიდან” ამოღება, უდავოდ დადებითი და მასშტაბური აქტია, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პრემიერ მამუკა ბახტაძის დღევანდელ განცხადებას, რომელიც საქართველოს 600 ათასზე მეტი მოქალაქისთვის დავალიანების განულებას ეხება.
ამასთან სალუქვაძე აღნიშნულ მოქალაქეებს ურჩევს, გაიაზრონ, რომ მსგავსი საფინანსო ამნისტია ცხოვრებაში მეორედ არ მოხდება და გაუფრთხილდნენ საკუთარ რეპუტაციას საფინანსო ორგანიზაციებთან.
“რამდენიც არ უნდა ვატრიალოთ ეს თემა, 600 ათასი ადამიანის ბანკების “შავი სიიდან” ამოღება, უდავოდ დადებითი და მასშტაბური აქტია.
იმედია, ეს ადამიანები, ისევ არ აიღებენ სესხებს ძვირადღირებული მობილურის ან ავტომანქანის საყიდლად, თუ მისი შენახვის თავი არ აქვს, ან არ აიღებენ ახალ ვალებს კაზინოში დასამღერებლად და ა.შ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ მსგავსი საფინანსო ამნისტია ცხოვრებაში მეორედ არ მოხდება და გაუფრთხილდნენ საკუთარ რეპუტაციას საფინანსო ორგანიზაციებთან.
თუ ამ უზარმაზარი მასის ნაწილი მაინც მოახერხებს ფინანსური ორგანიზაციების დახმარებით აქტიური ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას, მათაც წაადგებათ და სახელმწიფოსაც.
ჯამური თანხა კოლოსალურია – 1,5 მილიარდი, რომელიც ბანკებსაც დაკარგული ჰქონდა და 600 ათას ადამიანსაც ტვირთად აწვა. შესაბამისად, ამ ხალხის ეკონომიკურმა გააქტიურებამ უნდა მოგვცეს პოზიტიური შედეგი”, – წერს ამირან სალუქვაძე.
ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, დავალიანებას ფონდი “ქართუ” დაფარავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები