მაია ცქიტიშვილი: „ქართული ოცნების“ მხრიდან არც ამომრჩევლის მოსყიდვას, არც დაშინებას ადგილი არ ჰქონია

0

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გაწევა არის ისეთი საქმიანობა, რომელსაც ყველა მუნიციპალიტეტი მუდმივ რეჟიმში ახორციელებს. აღნიშნული განცხადება უწყების ხელმძღვანელმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც, მარნეულის მუნიციპალიტეტში ხელისუფლება ამომრჩეველს საკვებ პროდუქტს ურიგებს.
„ამ ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ. ზოგადად, მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გაწევა არის ისეთი საქმიანობა, რომელსაც ყველა მუნიციპალიტეტი მუდმივ რეჟიმში ახორციელებს. ეს არ არის მხოლოდ წინასაარჩევნო საქმიანობა, რადგან ნებისმიერ სხვა დროსაც, როცა დაინტერესდებით, ნახავთ, როგორ ეხმარებიან მუნიციპალიტეტები ადგილობრივებს წამლებით, პროდუქტებით და ა.შ.
მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით, არაფერი ვიცი. სამაგიეროდ, ვიცი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები მაქსიმალურად ცდილობენ სოციალურად დაუცველებს და საკუთარ მოსახლეობას გვერდში დაუდგნენ. ამომრჩევლებზე ზეწოლა, ამომრჩეველთა დაშინება და მოსყიდვა ჩვენ უკვე მოვიტოვეთ 2012 წელს. ძალიან ბევრი ღიად საუბრობს იმის თაობაზე, რომ მათ ჯერ კიდევ ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აქვთ დაშინების ფაქტები და სხვა თუ არაფერი, ქალბატონი ზურაბიშვილისგანაც მოვისმინეთ მის ბრიფინგზე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის შვილს და მასაც პირადად ემუქრებოდნენ.
„ქართული ოცნების“ მხრიდან არც ამომრჩევლის მოსყიდვას, არც დაშინებას ადგილი არ ჰქონია. 2012 წლის შემდეგ, ყველა არჩევნები ჩატარდა ძალიან თავისუფალ გარემოში და არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის შეფასება ამასთან დაკავშირებით არის. მე იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნებიც იქნება ისეთივე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი