საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თბილი ურთიერთობები ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) სამიტზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე მიანიშნებს. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობამ ტირანაში გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) მე-6 სამიტში დაძაბული ურთიერთობების დათბობის ნიშანი გახდა, მას შემდეგ, რაც ორივე მხარემ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც Euronews-ი აღნიშნავს, სამიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის მოკლე, მაგრამ თბილი შეხვედრა იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველო და ევროკავშირი წარსულ უთანხმოებებს გვერდს უვლიან.
კობახიძემ ხაზი გაუსვა ამ მომენტს ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ „იყო კომუნიკაციის შეზღუდული პერიოდი [საქართველოსა და ევროკავშირს შორის] და, როგორც ჩანს, ჩვენი ევროპელი პარტნიორები მზად იყვნენ საქართველოსთან კავშირების აღსადგენად“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დათბობა მისი ქვეყნის „ევროპისთვის სასიცოცხლო როლით“ ახსნა და დასძინა, რომ „ყველას ესმის საქართველოსთან და მის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის აუცილებლობა და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ წამოვიდა ევროპელი ლიდერების მხრიდან მრავალი ინიციატივა“.
„ყველამ უნდა აღიაროს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპისთვის, განსაკუთრებით ევროზონისთვის. ჩვენი როლი რეგიონში მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტად აღიარებულია საქართველოს ლიდერებთან დიალოგის საჭიროება“, – თქვა მან.