ამერიკაში ქართული დიასპორის ისტორიის ამსახველი ვებგვერდის წარდგენა გაიმართება

“შაბათს, 17 მაისს, ვაშინგტონის დროით 14:00 საათზე, ქართული ასოციაცია აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელ პროგრამასთან ერთად, წარადგენს ერთობლივ კვლევით ინიციატივას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორიების შეგროვებასა და გამოქვეყნებას ისახავს მიზნად,”- ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში ქართული ასოციაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება გაიმართება The Hill Center-ში (Old Naval Hospital, მისამართი: 921 Pennsylvania Ave. SE, Washington, DC).

“პროექტის მიზანია ქართულ ემიგრაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და უკვე დავიწყებული ისტორიები, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ახალი ვებსაიტი მოიცავს პერიოდული გამოცემების არქივს, პირად კოლექციებს, ფოტოებსა და სხვა უნიკალურ ისტორიულ მასალას — რომელიც ქმნის ქართველების მდიდარ და მრავალმხრივ პორტრეტს აშშ-ში.

 ქართული ასოციაცია აშშ-ში უკვე მრავალი წელია აქტიურად ვაგროვებთ და ვაქვეყნებთ ამერიკაში მცხოვრები ქართველების ისტორიებს, ვცდილობთ აღვბეჭდოთ მათი კვალიროგორც ჩვენი ონლაინ არხების, ასევე კულტურული და სოციალური ღონისძიებების მეშვეობით. მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელ პროგრამასთან შედგა. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საქმიანობას და ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის უკეთ დაცვასა და ფართო აუდიტორიასთან გაზიარებას,”- აღნიშნავს სალომე წერეთელი – სტივენსი, ქართულ-ამერიკული ასოციაციის პრეზიდენტი.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ:

 

  • სალომე წერეთელისტივენსი, აშშ-ში ქართულ ასოციაციის პრეზიდენტი
  • სტივენ ჯონსი, ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის უფროსი მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროფესორი
  • ნათია ჭანკვეტაძე, ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის დირექტორი
  • მაია არავიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ასისტენტ-პროფესორი
  • ჯულიან გონსალესპუარიე, ინოვაციების სტიპენდიატი, ქართული კვლევების პროგრამა
  • ნინი სიხარულიძე, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი.

 

ღონისძიებას დაესწრებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათი შთამომავლები, ქართული ასოციაციის მეგობარი ორგანიზაციების, აშშ-ში საქართველოს საელჩოს, მედიისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ემიგრაციის ისტორიის ამსახველი უნიკალური ფოტო მასალა და მუსიკალურად გააფორმებს ქართული ფოლკლორული ანსამბლი ნიუ-იორკიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები