ჯაბა სამუშიამ, რენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ რენის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ვიცე-რექტორთან დიდიე მინერთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი,”- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობას და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა თსუ-ის პრიორიტეტული მიმართულებაა.

„რენის უნივერსიტეტთან გაფორმებული შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთობას ფრანგულ უნივერსიტეტთან და ვიმედოვნებ, სამომავლოდ არაერთ ერთობლივ პროექტს განვახორციელებთ როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებით“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

დიდიე მინერის თქმით, ასევე იგეგმება ახალი ერთობლივი პროექტები თსუ-ის წარმომადგენლებთან ერთად.

„რენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი მზად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ითანამშრომლოს სხვადასხვა მიმართულებით. ამ შეთანხმებით ხელს შევუწყობთ სტუდენტების მობილობას და თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე, მზად ვართ ახალი ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ თსუ-ის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა რენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ვიცე-რექტორმა დიდიე მინერმა.

რენის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) წარმომადგენლები პერსონალის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობენ, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამა ERASMUS+ ფარგლებში უკვე მეათედ იმართება თსუ-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები