„და თუ უფალმა მდოგვის მარცვლისოდენა ნიჭი მაინც გიბოძა, იბადება ლექსი“ – მარინა ხუჭუა, უმთვარო ღამის ხილვა და საუკეთესო წუთები ემიგრანტისათვის

დაიბადსამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში. სწავლობდ მელაურის რვაწლიან და შემდეგ სამტრედიის რკინიგზის 24-ე საშუალო სკოლაში.
თსუ-ის ეკონომიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
26 წელი იმუშავკულაშის ზოოვეტერინალური კოლეჯის პედაგოგად. ასწავლიდ ფინანსებს და კრედიტებს.
ამჟამად უკვე 18 წელია, ემიგრანტი სტამბოლში
ემიგრაციის წლებს ძალიან გვილამაზებს სტამბოლში შექმნილი ქართული ენის ცენტრი და შოთა რუსთაველის საზოგადოება, სადაც ვმონაწილეობღონისძიებებში ძველ ქართველებთან, ანუ ჩვენებურებთან ერთად. ეს არის საუკეთესო წუთები ემიგრანტებისათვის“.
წერს ლექსებს, თარგმნი თურქულიდან. განსაკუთრებით ყვარს თარგმნის პროცესი. 4 პოეტური კრებულის ავტორია. უყვარს ქსოვა. – მარინა ხუჭუას პერსონა.
– წარმოშობით სამტრედიიდან ვარ. დავიბადე და გავიზარდე იმერეთის ულამაზეს სოფელ მელაურში. კარგი ბავშვობა მქონდა. სხვა სითბო იყო, სხვა ურთიერთობები. ბავშვობიდან მიყვარდა ლექსების კითხვა. თითქმის ყველა ღონისძიების მონაწილე ვიყავი და სცენაზე ვიდექი. პოეზიის სიყვარული გენეტიკურად მაქვს. ლექსებს წერდა დედაჩემი, მამიდაჩემი, მამიდაშვილი… დედა ძალიან მგრძნობიარე ქალი იყო. ლექსის მხატვრულად კითხვასაც ის მასწავლიდა. პედაგოგობაზე ვოცნებობდი. ალბათ ბედი იყო თუ უბედობა… ეკონომიურზე ჩავაბარე. თუმცა პედაგოგად მუშაობის ოცნება მაინც ავისრულე.
– ასწავლიდით ფინანსებს და კრედიტებს. მერე ემიგრანტის რთულ გზას გაუყევით…
– დრო აირია, ცხოვრება გაჭირდა… ბავშვები გაიზარდნენ. ვამჯობინე, წამოვსულიყავი და აქედან დავხმარებოდი მათ.
– 18 წელია სტამბოლში ემიგრანტი ხართ… ამ წლების გადასახედიდან რას იტყოდით?
– 18 წელია ემიგრანტი ვარ. არ იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება. არც შეჩვევა იყო ადვილი. ძნელი გზის გავლა უხდება ემიგრანტს. მაგრამ გაძლებინებს ის, რომ იცი, შვილებს სჭირდები. არავის  უხარია ემიგრანტობა. სამი შვილი…. ხელფასი არ სწვდება მინიმალურ ხარჯებსაც კი… ძნელია, როცა ქვეყნიდან წასვლაში გადანაშაულებენ… თუმცა მთავარია, შენს თავთან და უფალთან იყო მართალი… რა მომცა ემიგრანტობამ… ემიგრანტობამ თითქოს უფრო გამაძლიერა. უფრო ბრძოლისუნარიანი გამხადა. იმედი მომცა…
– მონაწილეობთ ღონისძიებებში ჩვენებურებთან ერთად… ამბობთ, რომ ეს დღეები ემიგრანტობის წლებს გილამაზებთ. გვიამბეთ სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრსა და რუსთაველის საზოგადოებაზე…
– რთულია ემიგრანტის ცხოვრება. დატვირთული სამუშაო გრაფიკი, ოჯახიდან, ახლობლებისგან შორს… ყველაზე მთავარია, როცა სულიერ საზრდოს მოკლებული ხარ. ქართული ენის ცენტრი და რუსთაველის საზოგადოება ეს ის ადგილებია, სადაც ჩვენთვის პატარა საქართველოა, სადაც ყოველთვის მიგვიხარია, თბილად გვხვდებიან და ჩვენი თავის რეალიზაციასაც ვახერხებთ.
ქართული ენის ცენტრს ხელმძღვანელობს ბატონი ეშრეფ ილმაზი, ჩვენებური ქართველი, რომლის ქართული სახელი და გვარია გოდერძი მახარაძე. კარგად იცის ქართული ენა. ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში. ახლაც ასწავლის ქართულ ენას თურქეთელ ქართველებს. წერს ლექსებს, თარგმნის. ძალიან ნიჭიერი ადამიანი და კარგი მეგობარია. მისი მოადგილეა ქალბატონი ეკა სურამელი ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც ყოველთვის დიდი სიყვარულით გვმასპინძლობს.
შოთა რუსთაველის საზოგადოებასაც ჩვენებურები ხელმძღვანელობენ. ეს საზოგადოება დააარსა ბატონმა ორჰან ბერიძემ. მასთან ერთად საზოგადოებას უძღვება ქალბატონი სეზენი. მასაც ქართული ფესვები აქვს. ბატონმა ორჰანმა 40 წლის ასაკში ისწავლა ქართული ენა, დაიბრუნა თავისი გვარი. საოცრად კითხულობს ქართველ პოეტთა ლექსებს. განსაკუთრებით კი უყვარს „ვეფხისტყაოსანი“ და ზეპირად იცის ძალიან ბევრი სტროფი. აქ იქმნება „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი წიგნი, რომლის გადაწერაშიც ემიგრანტები ვმონაწილეობთ. ხშირად იმართება ღონისძიებები. ვაწყობთ წიგნის პრეზენტაციებს.
– 4 პოეტური კრებულის ავტორი ხართ. შთაგონებას რა გაძლევთ?
– ლექსებს ბავშვობიდან ვწერ. მახსოვს, როგორ მიხაროდა. მეოთხეკლასელი ვიყავი, რაიონის გაზეთში დამიბეჭდეს ჩემი ლექსის ერთი სტროფი…. ბავშვისთვის ეს დიდი სიხარული იყო… თუმცა აქტიურად წერა ემიგრანტობაში დავიწყე.
„სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა… სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა”, –  ამბობს გოდრძი ჩოხელი… სევდა, მასთან გამკლავება… მარტოობა, ფიქრი… და თუ უფალმა მდოგვის მარცვლისოდენა ნიჭი მაინც გიბოძა, იბადება ლექსი. ეს პროცესი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ლექსი გავსებს და თუ შენც ავსებ ლექსს… ეს უკვე პოეზიაა!
– კრებულიდან კრებულამდე როგორ იცვლება (იცვლება კი?) სათქმელი?
– ავტორი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ შემოქმედებითად იზრდებოდეს. სათქმელის გადმოცემაც თავისთავად უფრო დახვეწილი უნდა გახდეს. თუ შევძელი, მადლობა უფალს. ჩემი აზრით, ამაზე მკითხველი უფრო კარგად გასცემს პასუხს.
– ერთი ლექსის ისტორია…
– ნამდვილი ამბავი – ხილვა: ღუმელში უკანასკნელი შეშა ჩამწვარიყო და ნაკვერჩხლებსაც ნაცრისფერი დასდებოდათ, მაინც ათბობდა ოთახს ჯერ კიდევ ცხელი, დიდი რკინის ღუმელი. ეძინათ ბავშვებს, უკანასკნელი საქმეც მოვილიე და საბნის ქვეშ მოვიკალათე. დავრჩით მე და ჩემი განუყრელი მეგობრები – ფიქრი, რვეული, კალამი… საფიქრალი და სადარდელი კი, იცოცხლეთ, თავზე საყრელად მაქვს ყოველთვის, ამის უმისობას ნამდვილად არ ვუჩივი.
გარეთ ყინავს, საწოლი ფანჯარასთან დგას, ფარდები გადავწიე. უმთვარო ღამეა. რომელი საათია, არ ვიცი, მაგრამ ვატყობ, საკმაოდ გვიანია. ძილი გამიკრთა, ამ ბოლო დროს დანაშაულის შეგრძნება არ მასვენებს. ადამიანი რისი ადამიანი ხარ, თუ დრო ისე ვერ გაანაწილე, ოჯახსაც ემსახურო, ერსაც და ბერსაც… არ გამოდის…. ვერ ხერხდება…. ერთი მეორე გამორიცხავს და უკმარისობის გრძნობა არ მცილდება. არადა ყოველდღიური საზრუნავი, ელემენტარული აუცილებლობა ბავშვებისთვის იმდენ დროს მოითხოვს… ეჰ, ვატყობ, დავიწყე თავის მართლება, არადა ღმერთი როგორ არ მწამს, მწამს და ისე ძალიანაც, რომ როცა რაიმე შემეშლება და ვიცი, ახლა ღვთის ნებას გადავუხვიე. ისე მეშინია. ათმა მოძღვარმა რომ მითხრას, შეგინდოს უფალმაო, მაინც ვერ მოვისვენებ, მაგრამ ამ რწმენის დასამტკიცებლად რომ გარკვეული მოვალეობები გვაკისრია, ამას რომ ვერ ვახერხებ, ეშმაკი მყავს შეჩენილი თუ მე მინდა. ეშმაკს დავაბრალო. ეს უკვე აღარ ვიცი…
ვწევარ და ვფიქრობ… ასე, კიდევ ბევრ რამეს ვფიქრობ, ცუდი დრო დადგა, ომი, შიმშილი, განუკითხაობა… სულის მოსასვენებლად, იმედის შესანარჩუნებლად გინდა მიხვიდე ეკლესიაში, ისეთი, როგორიც ხარ – შენი სიმართლით და შეცდომებით, სითბოს, დაყვავებას ელი… სხვა ყველაფერი მერე, თავისთავად უნდა მოხდეს, ძალა გჭირდება, საკუთარ თავთან, საკუთარ ჭიდილთან რომ გაიმარჯვო, ყავარჯენი გჭირდება, რომ დაეყრდნო და უფლის გზის გავლა შეძლო….
ჩემი ყავარჯენი ხომ შენ ხარ, მამაო…. მე კი ათასი კითხვა მიტრიალებს თავში, ათასი პასუხგაუცემელი კითხვა.. .ნუ გამაბრუნებ ეკლესიაში მოსულს, შემიდექი ყავარჯნად….. შემაძლებინე აღსარება…. ღირს მყავ ზიარებისა….
არ ვიცი, როდის ჩამეძინა ამ ფიქრებსა და ჭიდილში, ჩამეძინა კი საერთოდ, ვერც ამაზე გიპასუხებთ, ეს კი მახსოვს, რომ ფანჯრიდან დაეშვა ნათელი, მე ვერ შევძელი, თავი ამეწია და დამენახა ეს სინათლე…. ვიგრძენი თავზე ხელის დადება… და მე დავიწყე ლაპარაკი ყველა ჩემს სატკივარზე… .როცა გავჩუმდი, საოცარ სიმსუბუქეს და ძალას ვგრძნობდი… .უკვე ვიცოდი, რომ ყველაზე დიდი რწმენა სინდისის ქეჯნაა, და თუ ასეა, ღმერთი შენშია და შენ თვით ხარ ღმერთში….
ეს ლექსიც მაშინ დაიწერა…

ხილვა

სიზმრად ვნახე, სილამაზით დავმუნჯდი
სულმა ჩემმა ამჩატება იგრძნო,
მის თვალთაგან მოდიოდა ნათელი
და თავისკენ მიზიდავდა თითქოს.
მე სიზმარში აღსარება წარმოვთქვი,
მის თვალებში თანაგრძნობა ენთო…
მუხლმოყრილი გევედრები და გმადლობ,
რომ ხილვისა ღირსი მყავი, ღმერთო.

25 08 2003

– რომელი ავტორები თარგმნეთ?
– თურქი კლასიკოსებიდან ყველაზე მეტად ნაზიმ ჰიქმეტის თარგმნა მიყვარს. ვთარგმნი ატილა ილჰანსი, ჯემალ სურეიასი. თანამედროვე ავტორებიდან – უმიდ ჰარუნი, ალი გუნინდი. ჩვენებურებიც ვთარგმნე – ეშრეფ ილმაზი, ჰიქმეტ ქავასოღლუ, ვაჟა ქესკინი, ჰავა აიდინი.
–  სტამბოლიდან დანახული სამშობლო?
– გაუსაძლისი მონატრებაა სამშობლოდან შორს ყოფნა. სამშობლოდან შორს მყოფი უფრო გამძაფრებულად გრძნობ მონატრებასაც და სიყვარულსაც… მაგრამ სამშობლოში ალბათ ყველაზე ახლოს ხარ მის სატკივართან….
– ქსოვა გიყვართ…
– ჩხირებით ადრეც ვქსოვდი. ყაისნაღი გვიან ვისწავლე. ქსოვა ჰობია. თან ღამის უძილობას კარგად მივსებს. მიყვარს, როცა ახალს ვსწავლობ ….ბედნიერი ვარ, თუ კარგად გამომდის…
–  გვიამბეთ ოჯახზე…
– მყავს სამი შვილი, ექვსი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი. როცა ემიგრანტი გავხდი, ვფიქრობდი, ჩემს შვილებს დავეხმარები და წასვლა არ მოუწევთ-მეთქი… სამწუხაროდ, ასე არ მოხდა… მიხარია, რომ მშრომელი შვილები მყავს. მინდა იმედი არ დავკარგო, იქნებ შვილიშვილებს მაინც არ მოუწიოთ  სხვა ქვეყანაში სამუშაოს ძებნა… ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალი, ტკივილი და ოცნება ესაა…
– სამომავლო გეგმები…
– მალე დავბრუნდები საქართველოში. ჩემი ყველაზე დიდი გეგმა იმ დანაკლისის შევსებაა რასაც ოჯახიდან და სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია…

                                                                                                            თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები