თამარ ხულორდავა: საქართველო აღიარებულია, რეგიონში როგორც მთავარი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ევროკავშირისთვის

 

საქართველო აღიარებულია, რეგიონში როგორც მთავარი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირისთვის. ამ სტატუსის მოპოვებას ხელი შეუწყო სწორედ იმან, რომ საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ყველა იმ საერთო პრიორიტეტს, რომელიც ჩვენ ერთად დავსახეთ”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ირლანდიაში გამართულ სემინარზე „საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დამსწრე საზოგადოებას, ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმირების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები გააცნო.

ქვეყნის სამომავლო გეგმებზე საუბრისას, თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს რეფორმების განხორციელებას, რათა მიაღწიოს ევროკავშირთან მაქსიმალურ ინტეგრაციას.
თამარ ხულორდავამ მოწვეულ სტუმრებს გააცნო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რომელიც ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადამწყვეტ როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

ღონისძიების საპატიო სტუმარი და თანამომხსენებელი იყო ევროპარლამენტარი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრი კლერ მუდი. მისი თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია, რისთვისაც ქვეყანამ უზარმაზარი ძალისხმევა გასწია. „საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში ევროპული ღირებულებების ერთგულების კუთხით, საქართველოს ისტორია, კულტურა, ისევე როგორც ქართველი ხალხი, არის ევროპის ნაწილი”, – განაცხადა კლერ მუდმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის მხრიდან იმსახურებს კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას.

ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მეორე გენერალური მდივანი რორი მონტგომერი, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ბარი ენდრიუსი, ავსტრიის ელჩი ჰელმუთ ფროიდენშუსი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი და ევროპის პარლამენტის ეკონომიკური და მონეტარული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ბრაიან ჰეიესი.

გამომსვლელებმა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს და ხაზი გაუსვეს „აღმოსავლეთ პარტნიორობით” გახსნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას მოსახლეობისთვის მეტი კონკრეტული სარგებლის მოტანის მიზნით.

ღონისძიებას ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, აკადემიური წრეების, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებს და წარმატებებს ევროპული ინტეგრაციის კუთხით.
ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა”, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში – ევროპის სახლში (Europe House) ავსტრიის საელჩოს (ევროკავშირის საბჭოს ავსტრიის თავმჯდომარეობის), ევროპარლამენტის საინფორმაციო სამსახურის, ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართა.

დისკუსიის პარალელურად, ევროპის სახლში ფოტოგამოფენა „საქართველოს ისტორიის ევროპული ფურცლები” გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები