„გიორგი ვაშაძე, თქვენთვის ე.წ. შავი ხვრელი“ ჩემთვის მთელი ცხოვრებაა – აი ეს მზესავით ბიჭი, რომელიც ახლა გერმანიაში მკურნალობს“

0

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი ნინი მთვარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ბატონო Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე, თქვენთვის ე.წ. “შავი ხვრელი” ჩემთვის მთელი ცხოვრებაა – აი ეს მზესავით ბიჭი, რომელიც ახლა გერმანიაში მკურნალობს. ეს ის ბიჭია, თქვენი განცხადება რომ წავიკითხე და ნაგავი-მეთქი რომ წამოვიძახე, შენიშვნა რომ მომცა, ადამიანებზე ასეთი სიტყვის თქმა არ შეიძლებაო. ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და არ შემეკამათოს ის არ უთქვამს, რასაც ამბობო. ბევრჯერ წავიკითხე. იმაზეც ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა, მაგრამ ვერ გავჩუმდი. ასევე, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და პოლიტიკური სარჩული არ გამოაკრას პოსტს. ჩემთვის იმაზე მძიმეა ამ სტატუსის დაწერა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. იმასაც ნახავთ, იმ მართლა “შავი დღის” შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში ეს ამბავი დაიწყო ამ სივრცეში ერთი სიტყვაც არ დამიწერია.
ბატონო , გიორგი ვაშაძე, თუ თქვენს ნათქვამში ის იგულისხმეთ, რომ სახელმწიფომ თანხა პრევენციის და ნაადრევი დიაგნოსტიკისკენ უნდა მიმართოს, ამით მაინც ვერ “პრავდება” ეგ სიბეცე. ჩემს შვილს სიმპტომი არ ჰქონია, ჩემმა მეგობრებმა ყველამ იცის, რომ თვეში თუ არა, ორ თვეში ერთხელ დემეტრეს აბსოლუტურად ყველაფერს ვუმოწმებდი, მაგრამ მაინც მოხდა ის, რამაც ჩემი ცხოვრება ციდან ქვესკნელამდე შეცვალა. და ახლა თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ეს მდგომარეობა “შავი ხვრელია” და ამაში სახელმწიფომ თანხა არ უნდა დახარჯოს? ანუ, თქვენი კანდიდატი თუ ჯერ პრეზიდენტად და შემდეგ თქვენ მმართველ ძალაში მოხვალთ, თხოვნით მოსულ ჩემს მდგომარეობაში მყოფ დედებს უკან გააბრუნებთ – “შავ ხვრელში” თანხას ვერ გადავიხდით, წადით, თავი მოიკალითო?
სამწუხაროდ, მუდმივმა დიაგნოსტიკამ არ გვიშველა. პრევენციაში რას გულისხმობთ? ეკოლოგიურ მდგომარეობას, ჯანსაღ გარემოს? ეს ყველაფერი რისკ-ფაქტორია მხოლოდ. ევროპის ყველაზე მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქებშიც საშინელი სტატისტიკაა ონკოლოგიური დაავადებების თვასაზრისით. ანუ, დღეს, 21-ე საუკუნეში არავინ იცის როგორც თქვენ უწოდებთ – “შავ ხვრელში” ადამიანები საიდან ხვდებიან. და თქვენ ამბობთ, რომ ბავშვები უნდა იხოცებოდნენ, ასევე უფროსებიც, მძიმე დიაგნოზის შემთხვევაში. ამის შემდეგ კი, პიარ კამპანიას აწყობთ სალომეს ქართულზე ან არასწორად გამოთქმულ ფრაზებზე? მე ახლა ისეთი დრო მიდგას ვინმეს “გამპრავებლად” და მხარდამჭერად ნამდვილად ვერ გამოვდგები, იქეთ ვარ მხარდასაჭერი, მაგრამ მისგან ასეთი გაუმართლებელი ბოროტება არც გვსმენია და გულით მჯერა, არც არასდროს გავიგებთ. და კიდევ იმის მჯერა გულით, რომ თუ ღმერთი, რაიმე სახის კეთილი ძალა და სამართალი არსებობს, მხოლოდ ამ ფრაზის გამოც ვერასდროს მოხვალთ – ვერსად! თქვენ და თქვენი თანამებრძოლები, ძველებიც და ახლებიც! თქვენ, რომელმაც ძალიან ბევრი დედის, მამის, ძალიან ბევრი შვილის, ძალიან ბევრი ძმის და დის გული კიდევ ერთხელ მოკალით ამ ნათქვამით. ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ვებრძვით ამ ვერაგ დაავადებას და წარმოუდგენელ სიძლიერეს ვიჩენთ, გვითხარით, რომ ეს ყველაფერი ფუჭია, რომ აზრი არ აქვს. და თქვენმა თანაგუნდელებმა, რომლებმაც ბევრი ხან სიტყვით და უფრო ხშირად პირდაპირ საქმით მოკალით.
მიუხედავად ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას და მთელი გულით, სულით და სხეულით მინდა ერთ დღეს, დემეტრე რომ უფლის წყალობით დიდი ბიჭი გაიზრდება განახოთ, როგორ უნდა დაუდგეს სახელმწიფო “შავ ხვრელში” მყოფ ადამიანებს გვერდით, იმისთვის, რომ ისინი გადარჩნენ, იცოცხლონ და დიდები რომ გაიზრდებიან თქვენგან განსხვავებით თავად გადაარჩინონ ბევრი სიცოცხლე ამ ძალიან მძიმე განსაცდელგამოვლილებმა“,-წერს ნინი მთავარაძე.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ განაცხადა, რომ „ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს“.

კომენტარები

კომენტარი