ანა დოლიძე: ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ხდება არა რომელიღაც ჯარისკაცის, არამედ ლიდერების დონეზე

0

“ერთადერთი, რაც შეიძლება, დაადგინოს ჰააგამ, არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რაც ძირითადად ხდება არა რომელიღაც ჯარისკაცის, არამედ ლიდერების დონეზე, იმ ადამიანების დონეზე, ვისაც შეეძლო, გაეცა განკარგულება”, – ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს.
„სამართლებრივად, ეს განცხადება უბრალოდ ცდება სიმართლეს. რომის სტატუსის მიხედვით, დანაშაულების ჩადენაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხოლოდ ინდივიდუალურად. აქ ჩვენი სახელმწიფო ვერაფერს ვერ გააკეთებს, ​შიდასამართლებრივად, პროკურორი თავად ადგენს, ვინ რაშია ბრალდებული. ამას ჰააგის პროკურორიც თავად განსაზღვრავს, ვინ იყო ინდივიდუალურად პასუხისმგებელი.
ძირითადად, არ მახსოვს, რომელიმე ჯარისკაცის პასუხისმგებლობა დაეყენებინოთ, საუბარი არის მაღალი დონის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის ყოფილან პრეზიდენტები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ ფართომასშტაბიანი დანაშაულებისთვის. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ინდივიდუალურად ვიღაც წარდგება, თავისთავად ეს ასეა. არ შეეძლო რომელიმე მხარეს, დანაშაული თავის თავზე აეღო, რადგან სტრასბურგისგან განსხვავებით, იქ პასუხისმგებელი არ არის სახელმწიფო, არამედ პასუხისმგებელი არიან ინდივიდუალური ადამიანები და ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ ესენი არიან მხოლოდ და მხოლოდ რუსები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე აზრით, ჰააგაში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიიდან საქართველოს პოზიცია უნდა იყოს, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულების ჩადენაზე, არის რუსეთი.
„ერთადერთი პოზიცია, რომელსაც ჰააგისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა ვიცავდეთ, არის ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ყველა ტიპის დანაშაული ჩაიდინა რუსეთის მხარემ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტიც მიუციათ პასუხისგებაში.
ჩვენი ინტერესი, რასაც ყოველთვის ვიცავდი, როდესაც კასეტურ ჭურვებს სურათები გადავუღე და ახლაც დავიცავ, არის ის, რომ ამ დანაშაულებში გასამართლდეს რუსეთი. გასამართლდეს აგრესიისთვის, არაადამიანური დანაშაულებისა და ინდივიდუალურად ომის დანაშაულების ჩადენისათვის. შეიძლება, გასამართლდეს გენერალიტეტი, შეიძლება, გასამართლდეს პრეზიდენტი. ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესია, ამტკიცოს, რომ ყველაფერ ამაში პასუხისმგებელია რუსეთი. ამ საკითხის ჩამოტანა შიდასახელმწიფოებრივ დებატებში და ამით ანგარიშის გასწორება პოლიტიკურად, საერთოდ სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზიანებს და არა რომელიღაც მოძრაობასა და პარტიას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი