მეწყერის ქვეშ მოყოლილი სამი სატვირთო მანქანიდან მძღოლები გამოიყვანეს

   დარიალის ხეობაში მეწყერის ქვეშ მოყოლილი სამი სატვირთო მანქანა იპოვეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რამდენიმე მძღოლის გადარჩენა მოხერხდა.
“იქით მხარეს დარჩენილი იყო სამი მანქანა, რომლებიც ნახევრად მიწაში მოყვნენ. მათი გამოყვანა ხდება ახლა. თავად მანქანებში მიცვალებულები არ არიან. რამდენიმე მძღოლია გადარჩენილი. ერთი მანქანის მძღოლს ვერ ვპულობთ. როგორც სხვა მძღოლები აცხადებენ, გადმოვიდა მანქანიდან და დაიკარგა. ის, სავარაუდოდ, მიწის მასაში მოყოლილი უნდა იყოს “, – აღნიშნა გომელაურმა.
სტიქიის ზონაში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც. მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯანდაცვითი საჭიროებები არ ჩანს.
“ჩამოვედი იმისთვის, რომ ადგილზე გავეცნო რეალურ საჭიროებებს. ჯანდაცვის საჭიროებები ამ ეტაპზე არ ჩანს. ეს საჭიროებები იყო პირველ საათებში, როდესაც ხდებოდა სამედიცინო ევაკუაცია, პაციენტების გადაყვანა. ახლა ჩემი ამოცანა არის, ვნახო, რამდენად აქვს ამას შეხება სოციალურ სფეროსთან და რით შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები