ირაკლი ალასანია: აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩვენ თავდაცვის გაზრდილი ბიუჯეტი გვქონდეს

ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებულია მტრის შეიარაღებული ძალების მიერ და, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩვენ გვქონდეს თავდაცვის გაზრდილი ბიუჯეტი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ეკონომიკით თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა იქნება შესაძლებელი. “დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეკონომიკა მოგვცემს საშუალებას, 2% და 2%-ზე ზევით გვქონდეს ჩვენი თავდაცვისთვის გამოყოფილი სახსრები. საქართვეელო არის განსხვავებულ პოზიციაზე ნებისმიერი სხვა ქვეყანისგან – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებულია მტრის შეიარაღებული ძალების მიერ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩვენ გვქონდეს გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტი, ასევე ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მიერ გაკეთებული”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური ბიუჯეტი შესაბამისი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლები არ იქნება. უწყების ბიუჯეტის ქვედა ზღვარი კანონით იქნება დადგენილი. ამას “საქართველოს თავდაცვის შესახებ” სრულიად ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტში უკვე შესულია. აღნიშნული კანონპროექტით თავდაცვის სფეროში სხვადასხვა საკითხთან ერთად, რეგულირდება პარლამენტის, პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები